"ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

06.05.26 20:01
"ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

"ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. 

გურამ როგავა უწყებაში "ფორმულაზე" გადაცემაში "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან" გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ დაიბარეს. 

ჟურნალისტი საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად გამოკითხვა ონლაინ ფორმატში გაიმართება. 

ცნობისთვს, მანამდე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს "ფორმულას" ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილიც.

ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა განაცხადა, რომ ცნობილია პირი, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს ტელეწამყვან და ჟურნალისტ გურამ როგავას პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს დაესხა თავს. ამის შესახებ ჯარიაშვილმა „ფორმულას“ ეთერში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟში ისაუბრა.

მისი თქმით, ინფორმაცია სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ ანონიმურმა წყარომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან მიაწოდა. რეპორტაჟში საუბარია გდდ-ის ყოფილ თანამშრომელზე, რომელიც 2024 წელს მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოში მუშაობდა.

თავად აღნიშნულმა პირმა ბრალდებები უარყო. თავდასხმასთან კავშირს უარყოფს გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილიც.

ჟურნალისტ გურამ როგავას 2024 წლის ნოემბერში პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ. შემთხვევის შედეგად მას სახის ძვლები და კისრის მალები დაუზიანდა. საქმეზე სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე ოფიციალურად გამოვლენილი არ არის.

მსგავსი სიახლეები