აქციების დარბევის საქმე - დაგვიანებული რეაგირება თუ სამართლის იმიტაცია
„ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები" - ეს პასუხი აქვს „ქართულ ოცნებას“ იმ 300-ზე მეტი დაშავებული მოქალაქისთვის, რომლებზეც ნოემბერსა და დეკემბერში იძალადეს, სახის ძვლები ჩაუმტვრიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა უკვე სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან მამუკა მდინარაძე ნაცემ მოქალაქეებს ეუბნება, რომ ეს „ერთეული შემთხვევებია“ და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ძალადობაზე ბრძანების გაცემას დაადასტურებდა.
მდინარაძე „ერთეულ შემთხვევებზე“ საუბრობს, თუმცა საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 167 მომიტინგეს მიანიჭა. ნაცემია და სხვადასხვა დაზიანება მიიღო 28 ჟურნალისტმაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ და საიას შეფასებით, საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს და რამდენიმე სპეცრაზმელის დაკავებით გამოძიება დასრულებულად ვერ ჩაითვლება.
ამ დრომდე გამოუძიებელია მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე ნიღბიანების თავდასხმის საქმე. დადგენილი არ არის, ვინ სცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. გამოუძიებელია მარიამ გაფრინდაშვილის საქმეც. პასუხგაუცემელია მოქალაქეების სასტიკი ცემის არაერთი ფაქტი უშუალოდ დაკავების მანქანებში. არსებობს მრავალი ჩვენება, სადაც მოქალაქეები სწორედ პოლიციის მანქანებში წამებას აღწერენ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.