ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ
ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ძალოვნებს - სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და გდდ-ს ყოფილ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა.
საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა. ბრალდებულებს ადვოკატები არ ჰყავთ.
- ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობაში მხილებული სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. ხუთივე ბრალდებულის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
- "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სპეცდანიშნულების ყოფილმა თანამშრომელმა დანაშაული უკვე აღიარა.
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.