ცნობილია საქართველოს ახალი პატრიარქის ვინაობა

11.05.26 15:58
ცნობილია საქართველოს ახალი პატრიარქის ვინაობა

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა.

სინოდის წევრთა ხმები ასე გადანაწილდა: [კენჭისყრაში მონაწილეობა სინოდის 39-მა წევრმა მიიღო].

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – 22 ხმა
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)  – 9 ხმა
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა
  • ერთი ხმა გაუქმდა.

გაფართოებულ კრებას, სადაც ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი აირჩიეს 1200-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. 

რა ვიცით ახალ პატრიარქზე?

ახალი პატრიარქი, ბოლო 9 წელის განმავლობაში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სახელს ატარებდა. პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი სწორედ მისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა.

მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქაშვეთის ტაძარში, გიორგობაზე წირვის დაწყებამდე დაასახელა. 

მოსაყდრედ სინოდმა მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 18 მარტს, დაამტკიცა.

მოსაყდრის ბიოგრაფიული ცნობები საპატრიარქოს ოფიციალური გვერდიდან:

  • მეუფე შიო თბილისში 1969 წლის 1 თებერვალს დაიბადა; დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა; სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.
  • 1991 წელს შიომღვიმის მონასტერის მორჩილი გახდა.
  • 1993 წელს, 24 წლის ასაკში, ბერად აღკვეცეს - მიანიჭეს სახელი შიო.
  • 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს.
  • 1996 წელს ბერ-დიაკონი შიო მღვდლად თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
  • 1997 წელს დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
  • 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება - ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.
  • ანჩისხატისა და ნარიყალას ტაძრებში მსახურების შემდეგ, 2001 წლის ოქტომბრიდან, მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახდა.
  • 2003 წლის 18 აგვისტოს იღუმენი შიო სენაკისა და ჩხოროწყუს ახლადშექმნილი ეპარქიის წინამძღოლი გახდა; 2009 წელს - მთავარეპისკოპოსი.
  • 2010 წელს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. 2018 წლის 21 ივნისს - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. 

უმაღლესი განათლება:

  • 1998 წელს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა - დაუსწრებელ განყოფილებაზე.
  • 2001 წლიდან [როცა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს ტაძრის წინამძღვარი გახდა], პარალელურად, სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.