აქამდე საქალაქო სასამართლოს ვეძახდი "ცირკს", დღეს, მემგონი, "ზოოპარკში" ვიმყოფებოდი - ვეფხია კასრაძის მეუღლე
მეამაყება ჩვენი ბიჭები, - ამის შესახებს სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის მეუღლემ სასამართლო პროცესის შემდეგ ისაუბრა. ელენე კროტენკო-კასრაძის თქმით, სასამართლო დაემსგავსა "ცირკს" და "ზოოპარკს".
მეამაყება ჩვენი ბიჭები. მე დღეს მოვუსმინე ნიკოლოზ ჯავახიშვილის სიტყვას, რომელმაც მოტივაციაზე ისაუბრა თუ რატომ იდგა იქ და რატომ ვდგავართ ჩვენ ყველანი, თორნიკე გოშაძეზე და დიახ, მე აქამდე საქალაქო სასამართლოს ვეძახდი ცირკს და დღეს რაღაც ემოციურ ფონს ავყევი და "ზოოპარკი" ვუწოდე სასამართლოს და მემგონი, ზოოპარკში ვიმყოფებოდი, - თქვა ელენე კროტენკო-კასრაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე პაატა სილაგაძემ მიიღო.
საქმე ეხება ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და ირაკლი მიმინოშვილს. პროცესზე მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს, რის შემდეგაც სასამართლომ გადაწყვეტილება ადგილზე გამოაცხადა.