"ზვიად ცეცხლაძემ მთელი სასამართლო ჩაისვა ჯიბეში" - მარიზი კობახიძე
სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს ამგვარ განაჩენს ელოდა. მისი თქმით, ბიჭებს სხდომაზე არაჩვეულებრივი სიტყვა ჰქონდათ.
"ზვიად ცეცხლაძემ მთელი სასამართლო ჩაისვა ჯიბეში", - თქვა მარიზი კობახიძემ სასამართლოს შემდეგ.
ჩვენც ვიცოდით, რომ ასე დასრულდებოდა. მე ამაყი ვარ ჩემი შვილით, იმიტომ, რომ ხელში მიჭირავს დასკვნითი სიტყვა, რომელსაც ძალიან ელოდებოდი თორნიკესგან და ეს იყო არაჩვეულებრივი. თორნიკემ თქვა ის სათქმელი, რასაც ითხოვს მთელი საქართველო და ზვიად ცეცხლაძემ მთელი სასამართლო ჩაისვა ჯიბეში. ეს არის განათლება და ბიძინა ივანიშვილი განათლებულებს ვერ იტანს, ამიტომ ჰყავს გამოკეტილი ციხეში ეს ბიჭები, ახალგაზრდები. ამიტომ, დასრულდება ეს დღეებიც და დასრულდებიან თითონაც აუცილებლად არალეგიტიმური ხელისუფლება, - თქვა მარიზი კობახიძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე პაატა სილაგაძემ მიიღო.
საქმე ეხება ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და ირაკლი მიმინოშვილს. პროცესზე მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს, რის შემდეგაც სასამართლომ გადაწყვეტილება ადგილზე გამოაცხადა.