მეუფე ნიკოლოზი არ პასუხობს კითხვას, იყო თუ არა ის ერთი, ვინც ხმა არცერთ კანდიდატს არ მისცა
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი არ პასუხობს კითხვას, იყო თუ არა ის ერთი მღვდელმთავარი, ვინც ხმა არცერთ კანდიდატს არ მისცა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შიო III-ს ინტრონიზაცია მოხდება და საბოლოოდ დაკანონდება ყველაფერი, მერე შესაძლებელი იქნება ყველაფერზე ლაპარაკი.
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს, 11 მაისს, საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს. მან 22 ხმა მოაგროვა. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტს იობს (აქიაშვილი) ხმა სინოდის 9 წევრმა მისცა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა ერგო, ერთი ხმა კი გაუქმდა, რადგან ის ცარიელი იყო.
რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი TV პირველის გადაცემა "დღის ამბებში"?
იცით რაშია საქმე? - ნება დამიტოვეთ, რომ ვისარგებლო ამ ფარული კენჭისყრის.
მე ვფიქრობ, რომ თუ ჩაივლის მშვიდობიანად ეს ყველაფერი, აი ხვალ ვაკურთხოთ მეუფე შიოს, მოხდეს მისი ინტრონიზაცია და საბოლოოდ დაკანონდეს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ გახსნილად შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი. არ არის ჯერ დამთავრებული პროცესი.
ყველაფერზე ვისაუბრებ, რა მაქვს დასამალი...
იცით რა ეგეც დადასტურებაა, თქვენ ახლა გინდათ, რომ მე ამ ფარული კენჭისყრის შიგნით ჩაგახედოთ, რაც არ არის მიზანშეწონილი," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ამასთან, მეუფე ნიკოლოზის აზრით, პატრიარქის არჩევნებში გამარჯვების შანსი მიტროპოლიტ დანიელსა და ისაიას ჰქონდათ.
"მეუფე შიოს მეც ვუთხარი და სხვებმაც უთხრეს სინოდის კრებაზე, რომ რაც უფრო, არ მინდა ახლა ეს სიტყვა გამოვიყენო ღირსეული. ვინც იყვნენ ესენიც ღირსეულები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც უფრო ღირსეული კანდიდატი ეყოლებოდა და მოუგებდა არჩევნებს, მით უფრო დამაჯარებელი იქნებოდა მისი პატრიარქობა." - თქვა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა TV პირველის ეთერში.
კითხვაზე ვის ჰქონდა შანსი ამ არჩევნებში გაემარჯვა, მეუფემ უპასუხა: "ვინც ორი კანდიდატი მოიხსნა ხელოვნურად, ჩემი აზრით. (…) ხელოვნური იყო იმიტომ, რომ ეს იყო ასაკისა და განათლების საკითხი. ვერავის ვერ დავუწუნებთ სინოდში, ვერც მეუფე ისაიას და ვერც მეუფე დანიელს განათლებას."
საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა.
გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.