კვლავ ვისაუბრებთ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე

12.05.26 10:26
კვლავ ვისაუბრებთ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ახალი პატრიარქი სინდიდის პატიმრების გათავისუფლების საკითხს ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებს. 

ამის შესახებ დეკანოზმა "პირველების" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„ადრე ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ, დიახ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე საუბარი, როდის, რა იქნება“,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა ახალი კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციაზეც. 

სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია იქნება დღეს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ემთხვევა. ჩვენი ეკლესიის დაფუძნება სწორედ მოციქულ ანდრიას უკავშირდება. ასე რომ, დღეს ბევრი რამ არის სასიხარულო და ერთმანეთს ავსებს“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, სვეტიცხოველში ამ წუთებში უამრავი ადამიანია შეკრებილი. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სწორედ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. 

ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.

39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

 გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
  • ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.