საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 15%-მდე ზრდას გეგმავს

12.05.26 12:28
საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 15%-მდე ზრდას გეგმავს

საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ამჟამად არსებული 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში 10%-ის ლიმიტი დარჩება, ხოლო სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კი ლიმიტი 15%-მდე გაიზრდება. 

ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე კონკრეტულ უწყებას განსაზღვრული აქვს 300 ადამიანის შტატი, მას დამატებით, შტატგარეშედ 30-ის ნაცვლად 45 ადამიანის დასაქმება შეეძლება. 

ცნობისთვის, 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, შტატგარეშე მოხელეთა მიერ მიღებული ანაზღაურება 154.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით მეტია.

ამასთან, bm.ge-ის ცნობით, ამავე პერიოდში შტატით დასაქმებული მოხელეების ანაზღაურება იყო 775 მილიონი ლარი. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 154 მილიონი ლარი წარმოადგენს 775 მილიონი ლარის 20%-ს. ანუ ფაქტობრივად, 2026 წლის პირველ კვარტალში შტატგარეშე მოხელეებმა, რომელთა რაოდენობაც უცნობია, აიღეს 117,000 საჯარო მოხელის მიერ ჯამურად აღებული 775 მილიონი ლარის ხელფასის 20%-ის ტოლფასი თანხა. ეს კი შეიძლება მიანიშნებდეს ორ შესაძლო გარემოებაზე - რომ შტატგარეშე მოხელეთა ხელფასი საშუალოდ უფრო მეტია ვიდრე შტატით დასაქმებული პირების ანაზღაურება, ან ის რომ სახელმწიფო უწყებებში ამჟამად იმდენად მკვეთრად ირღვევა შტატგარეშე მოხელეთა რაოდენობის 10%-ის ლიმიტი, რომ ის ფაქტობრივ რეალობას აღარ შეესაბამება და მთავრობა იძულებულია დადგენილი ზედა ზღვარი ამჟამად არსებულ რეალობას დაუახლოვოს. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაერთ ანგარიშში აღნიშნულია რომ სახელმწიფო უწყებებში დარღვეულია შტატგარეშე მოხელეთა რაოდენობის ლიმიტები, რადგან მთავრობის ნებართვის გარეშე მათში დასაქმებულთა 10%-ზე მეტი შტატგარეშეა.

უფრო დეტალურად, ჯამურად, 2025 წელს საჯარო უწყებებში შტატით დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურებებზე გაცემულია 2.96 მილიარდი ლარი, ხოლო შტატგარეშეებზე, რომელთა რაოდენობაც უცნობია, გაიცა 684 მილიონი ლარის ანაზღაურება, რაც შტატით დასაქმებულთა სახელფასო ფონდის 23%-ის ტოლია. შესაბამისად, ან შტატგარეშეები საშუალოდ უფრო მაღალ ხელფასს იღებენ ვიდრე შტატით დასაქმებული მოხელეები, ან მათი რაოდენობა ფაქტობრივად მკვეთრად აჭარბებს 10%-ის დადგენილ ლიმიტს.

შტატგარეშე მოხელეთა ხელფასების სტატისტიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2016 წელი: 170 მილიონი ლარი
  • 2017 წელი: 182 მილიონი ლარი
  • 2018 წელი: 217 მილიონი ლარი
  • 2019 წელი: 242 მილიონი ლარი
  • 2020 წელი: 296 მილიონი ლარი
  • 2021 წელი: 360 მილიონი ლარი
  • 2022 წელი: 439 მილიონი ლარი
  • 2023 წელი: 516 მილიონი ლარი
  • 2024 წელი: 606 მილიონი ლარი
  • 2025 წელი: 684 მილიონი ლარი