შიო მესამის პირველი ქადაგება პატრიარქის რანგში - მთავარი აქცენტები
საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქის რანგში პირველად იქადაგა.
"გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის!" - თქვა ახლა პატრიარქმა. შიო III-მ ისაუბრა მის პასუხისმგებლობაზე, ილია მეორეს ღვაწლზე. ასევე მიმართა სვეტიცხოველში მყოფ მრევლს, მღვდელმთავრებს და "ქართული ოცნების" წევრებს, თუმცა პატრიარქის პირველ ქადაგებას მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე არ დასწრებია, ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ქადაგების დაწყებამდე დატოვა.
ახალმა პატრიარქმა თქვა, რომ გაცნობიერებული აქვს პატრიარობის სიმძიმე:
"შეუძლებელია უფლის განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, რატომ ინება ღმერთმა ასეთი დიდი მადლის ტვირთვა ჩემზე, თუმცა გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც"- თქვა ქადაგებისას შიო მესამემ.
ამიტომ, დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხლს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს-პატრიარქთა ღვაწლის წინაშე და შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა შევძლო, სული დავდო მცხოვართმა ჩემთათვის და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი.
ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მწყემსმთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს გვმართებს, მოვუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა. ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის გასამრავლებლად, ერთობის და მშვიდობის დასამკვიდრებლად.
დღეს, თქვენს წინაშე მდგარი კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიის და ერის ღვთივკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე-დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა.
შეუძლებელია უფლის განზრახვის ამოცნობა და განგებულების ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე. თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც," - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.
"ამ ღვთივკურთხეულ დღეს, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს" - დასძინა ახალმა პატრიარქმა.
პატრიარქის რანგში პირველი ქადაგებისას პატრიარქმა თქვა, რომ "ეკლესიამ ფართოდ უნდა გაუღოს კარი ყველას":
"საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას" - თქვა ამბიონიდან ახლაგდამორჩეულმა პატრიარქმა.
"თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია, ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს.
ამიტომ ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია.
საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას, სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, ჩვენი მოწოდება" - პატრიარქი შიო III ქადაგებისა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების ბოლოს მრევლს მიმართა: "გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის".
მისივე თქმით, ლოცვა მისცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ემსახუროს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ერს.
„გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი, ერთობით ვადიდებდეთ უფალს, ვიყოთ ერთსამწყსო და ერთმწყემს“, - აღნიშნავს შიო III.