დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას - მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე
თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი, მეუფე მიქაელ (გაბრიჭიძე) ამბობს, რომ სიამოვნებით გამოუშვებდა საპატიმროებიდან ყველა სინდისის პატიმარს.
მაღალი იერარქი, რომელსაც საპატრიარქოში სწორედ მსჯავრდებულების განყოფილება აბარია, ამბობს, რომ ხშირად ხვდება პატიმრებს. სასულიერო პირის თქმით, მონახულებული ჰყავს დაკავებული ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც.
შეწყალებაზე ჩემზე კარგი პოზიცია არავის არ აქვს დედამიწის ზურგზე. მე თვითონ მაბარია მსჯავრდებულები, მაგ განყოფილების უფროსი ვარ და დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი სუყველას. მზია ამაღლობელი მე თვითონ მოვინახულე, როცა დააკავეს, გასაუბრებები მქონდა და ქალბატონმა მზიამაც თავისი აზრები მითხრა. ჩვენ ახლა, ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოვუშვებთ. ეს არის სახელმწიფოს საქმე", - ამბობს მეუფე მიქაელი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევის შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხი.
მაღალი იერარქები არ გამორიცხვენ, რომ პატრიარქმა შესაძლოა სინდისის პატიმრების შეწყალებაზე რეკომენდაციით "ქართულ ოცნებას" და მიხეილ ყაველაშვილს მიმართოს.