მოძალადეების დასჯის მოთხოვნა - ვის აფარებს ხელს გამოძიება

12.05.26 21:34
მოძალადეების დასჯის მოთხოვნა - ვის აფარებს ხელს გამოძიება

დემონსტრანტებზე მოძალადე სპეცრაზმელების დაკავებებს უფლებადამცველი ორგანიზაციები „მართლმსაჯულების კარიკატურად“ და „პოლიტიკურ ფარსად“ აფასებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“, რომელმაც ძალადობისა და წამების ასობით საქმე შეისწავლა, აცხადებს, რომ პროკურატურა ჯგუფურად და განზრახ ჩადენილ დანაშაულებს შეგნებულად არასწორ კვალიფიკაციას აძლევს, რათა სისტემური ძალადობის მონაწილე ხუთ სპეცრაზმელს მოსალოდნელი სასჯელი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს.

ხაბეიშვილის, მაისაშვილისა და როგავას საქმეების გახსნილად გამოცხადება არასაკმარისად მიაჩნია სახალხო დამცველსაც. ლევან იოსელიანი თვეებია პროკურატურას მოუწოდებს, გამოავლინოს და დასაჯოს ყველა ის პირი, ვინც დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობდა. ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში, რომელიც უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი, მოხვდა საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი თავდასხმებისა და ძალადობის ათობით დღემდე გაუხსნელი საქმე.

გამოძიებას ამ ეტაპზე ძალადობის მხოლოდ სამი ეპიზოდი აქვს გამოვლენილი, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ სისტემა ამ შემთხვევების ერთეულ გადაცდომებად წარმოჩენას ცდილობს. არადა, კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ერთ დემონსტრანტს ერთდროულად ათამდე ნიღბიანი პირი. თავად პროკურატურას დაზარალებულად მინიმუმ 167 ადამიანი ჰყავს ცნობილი. დღეს ეს ადამიანები „პირველების“ კამერასთან იხსენებენ, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, ე.წ. „წამების მანქანებში“.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები