„ოცნება“ შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობას ზრდის - ახალ ინიციატივას ექსპერტები აკრიტიკებენ

12.05.26 21:30
„ოცნება“ შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობას ზრდის - ახალ ინიციატივას ექსპერტები აკრიტიკებენ

„ქართული ოცნება“ საჯარო სექტორში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობას ზრდის. ახალი ცვლილების მიხედვით, უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, არაშტატიანი თანამშრომლების რაოდენობა 15 პროცენტამდე გაზარდონ. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. 

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2025 წელს შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე სახელმწიფომ 684 მილიონი ლარი დახარჯა.

საკანონმდებლო ცვლილებას კრიტიკა უკვე მოჰყვა. მკვლევარები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის ზრდა საჯარო სექტორში დამატებით ფინანსურ ტვირთს შექმნის და გადაწყვეტილება უფრო მეტად პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი.

"ქართულ ოცნებას" არ ჰყოფნის ის საკმაოდ დიდი რაოდენობა შტატგარეშე თანამშრომლებისა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების, ვიღაცის თხოვნის დასაკმაყოფილებლად იყენებენ, ადამიანების დასაქმებისთვის. ეს არის პრაქტიკულად საბჭოთა დასაქმების კანტორის სისტემა აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებაში. არის ძალიან მარტივი ხერხი "ქართული ოცნებისთვის", რომელიც არის, პრაქტიკულად, ჩაფლული პოლიტიკურ კორუფციაში მინიციპალურ თუ სახელმწიფო დონეზე აბსოლუტურად ყველა უწყებაში, ახლა სურთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე.

კრიტიკოსების შეფასებით, ცვლილება მხოლოდ ადმინისტრაციულ საკითხს არ ეხება და პირდაპირ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტსა და დასაქმების სისტემაზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საჯარო სექტორზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა უკვე მაღალია და ახალი ინიციატივა ამ ტენდენციას კიდევ უფრო გააძლიერებს. 

საქართველოში, დაახლოებით, 350 ათასი ადამიანი არის ისეთი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს სხვადასხვა სახით, ინება ეს პირდაპირ შტატიანი თანამშრომელი, იქნება ეს სსიპებსა და აიპებში დასაქმებული ადამიანები თუ შტატგარეშე თანამშრომლები. ეს რაოდენობა ისედაც არის დაქირავებულ თანამშრომლეთა დაახლოებით 30%. ანუ ეს ყველაფერი ემსახურება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმას, რომ უვრალოდ, მათი პარტიული ყულაბა გააფართოვონ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და უფრო და უფრო მეტი ადამიანი გახადონ მათზე დამოკიდებული, თანაც ისეთი ხელფასებით და ისეთი სამსახურებით, რომელსაც არანაირი დოვლათი არ მოაქვს არც ქვეყნის განვითარებისთვის, არც საჯარო მმართველობისთვის და არც ქვეყნის ეკონომიკისთვის, - ამბობს დავით მჟავანაძე.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის ჩართვაში.

მსგავსი სიახლეები