ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

12.05.26 20:56
 ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,  მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს, მილოცვის წერილს უგზავნის და პატრიარქად არჩევას ულოცავს. 

ვითხოვთ თქვენს უწმინდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს - წერია მილოცვის წერილში.

სულიერი სიხარულითა და ღრმა პატივისცემით ვუერთდები იმ მილოცვათა ნაკადს, ყოველი მხრიდან რომ მოედინება თქვენკენ საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისა
და აღსაყდრების გამო. 

პირადად ჩემი და ჩემზე მონდობილი სამწყსოს სახელით გიდასტურებთ პატივისცემას და გარწმუნებთ, ძმური ლოცვით შეგეწევით თქვენს ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რაც იტვირთეთ. საქართველოსა და ქართველ კათოლიკეთა ოჯახი იგულეთ იმ და-ეკლესიად, რომელსაც გააზრებული აქვს ჩვენი მაცხოვრისაგან დანატოვარი საერთო მისია სასუფევლის საშენებლად და გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი. 

ჩვენ ერთად ვართ მოწოდებულნი, ვიყოთ ქრისტეს ერთი სახარების მოწმენი სამყაროში, სადაც განხეთქილება და გაურკვევლობა სუფევს. ამ ქრისტიანული ძმობის სულისკვეთებით, ვიმედოვნებ, რომ გზა, რომელსაც შეუდგებით, იქნება შეხვედრის, დიალოგისა და საერთო მოწმობის შესაძლებლობა. 

ვითხოვთ თქვენს უწმინდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს — სიბრძნეს საწინამძღვროდ, სიმტკიცეს გამძლეობისთვის, მშვიდობას, რომელსაც სოფელი ვერც იძლევა და ვერც გვართმევს, რათა თქვენი პატრიარქობა ნაყოფიერი გახდეს კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მთელი საქართველოსთვის და კავკასიის ქრისტიანული ოჯახის სისავსისათვის

ქრისტეში ძმური სიყვარულით, 
+ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი 
ვერონიდან, 12 მაისი, 2026"- წერია მილოცვის წერილში. 

ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს. 39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.