მოიყვანეს სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები, რომლებსაც ბაჩოს საქმესთან კავშირი არ აქვთ - ნადარეიშვილი
მოიყვანეს სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები, რომლებსაც ბაჩოს საქმესთან კავშირი არ აქვთ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხდა.
მისი თქმით, აღნიშნული პირები თავადვე აფიქსირებენ სასამართლოებზე, რომ ბაჩოს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები არიან და ბაჩოს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თვითონვე აფიქსირებენ სასამართლო პროცესებზე. ასევე, მოჰყავთ ღობის ექსპერტები, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის გამოყენებასთან, ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით. ინტერნეტით ვერ დააზიანებდა ამ ადამიანებს",- აცხადებს ნადარეიშვილი.
მისივე თქმით, დადგენილი არ არის არათუ ბაჩო ახალაიასა და კონკრეტულ პირებს შორის საუბრის შინაარსი, არამედ, საერთოდ რა კუთხით გამოიყენა ინტერნეტი.
არ არსებობს არათუ საუბრის შინაარსი, არამედ, ოჯახის წევრებიდან, რომლებიც სახლში ვიმყოფებოდით, კონკრეტულად ვინ რა მოწყობილობით გამოიყენა ინტერნეტი. ჩვენი ინტერნეტის მოხმარების ტრაფიკი აქვთ ამოღებული და ამოღებული აქვთ, იგივე პაატა მანჯგალაძის ინტერნეტი, იმ დღეს რომ იყენებდა. დარწმუნებული ვარ, რომელიღაც მონაკვეთში, წუთში და წამში, კობახიძის ინტერნეტის გამოყენებას ჩემი სახლის ინტერნეტის გამოყენებას სადღაც დაემთხვეოდა",- განაცხადა ნადარეიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სხდომას ესწრება ბაჩო ახალაია.
- ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.