არასდროს ბატონ ლილუაშვილს არავისგან ქრთამი არ აუღია - ადვოკატი

13.05.26 14:48
არასდროს ბატონ ლილუაშვილს არავისგან ქრთამი არ აუღია - ადვოკატი

 

 

 

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასდროს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია.

მისივე განმარტებით, ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე და გრიგოლ ლილუაშვილი მეგობრები არასდროს ყოფილან და არც ერთმანეთთან უთანამშრომლიათ.

ვინ იკითხება, დაცვის მხარისთვის ცნობილი არ არის, ვინაიდან, ბრალდების ხმარეს არ მოუწოდებია დაცვის მხარისთვის ის, მოწმე პირთა სია, რომელიც დღეს უნდა გამოკითხონ. რაც შეეხება ზოგადად საქმეში არსებულ მასალას - კატეგორიულად შემიძლია ვთქვა ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით, არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს ამხელს, საქმეში ფიზიკურად არ მოიპოვება.

ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბატონი გრიგოლის მეგობარი არ არის. შესაძლოა, ნაცნობობა ჰქონოდათ, არანაირი თანამშრომლობა მათ შორის, არ ყოფილა, ეს საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ არანაირი შემხებლობა ამ ორ პირს ერთმანეთთან არ ჰქონია. ვინმე თუ რამე თანხას ითვისებდა, ეს ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანომ უნდა გამოიძიოს და შესაბამისი ზედამხედველობა განახორციელოს პროკურატურამ, მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ, ადამიანი - გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც არანაირ შემხებლობაში არაა აღნიშნულ ეპიზოდთან, მას მოედავოს და ბრალდებულის სტატუსით აღჭურვოს. არასდროს, ბატონ ლილუაშვილს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია. უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული",- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქმის დეტალებში ვერ შევა, რადგან ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმეს დაკითხავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

  • 2025 წლის 23 დეკემბერს, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.