მე 5 ათას ლარს ვერ გადავიხდი, მირჩევნია პატიმრობაში გამიშვან - სამოქალაქო აქტივისტი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, დუტა ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 თებერვალს გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
როგორც ჯავახიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას არ შეუძლია ჯარიმის - 5 ათასი ლარის გადახდა, შესაბამისად, მოსამართლეს სთხოვა, მის მიმართ პატიმრობა, ან გაფრთხილება გამოეყენებინა.
მოსამართლეს მე ვუთხარი, რომ არ მაქვს იმის საშუალება 5 000 ლარი გადავიხადო რადგანაც ვცხოვრობ მარტო...არ მაქვს ამის გადახდის საშუალება და მირჩევნია რომ პატიმრობაში გამიშვას, ვიდრე 5 000 ლარი დამაკისროს. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ გადაწყვიტა, ეთქვა, რომ მე არ შემიძლია პატიმრობაში წავიდე და დავლოდებოდი მის განაჩენს“,- ამბობს დუტა ჯავახიშვილი.
დღევანდელ პროცესზე კი გამოკითხეს სამხარაულის ექსპერტი. სხდომის ეს ნაწილიც დახურული იყო.
როგორც თავად დუტა ჯავახიშვილის, ასევე ადვოკატების შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ექიმების გამოკითხვის თაობაზე დისკრიმინაციულია.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ ასევე თავისი ინიციატივით მოიწვია ექსპერტი, ამის შესახებ დაცვის მხარეს, დიმიტრის ადვოკატებს საერთოდ არ გვქონდა ინფორმაცია. არ ვიცოდით თუ ექსპერტი უნდა დაკითხულიყო, ეს იყო სამხარაულის სახელობის კლინიკის ექსპერტი, ეს პროცესიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ჩვენ დავაყენეთ ექსპერტის აცილების შუამდგომლობა, რამდენადაც ამის საჭიროება არ იყო და არც სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ექსპერტმა სასამართლოს მისცა განმარტება, რამდენადაც დახურული პროცესი იყო ამ განმარტებებზე ვერ ვისაუბრებ.
ზოგადად ტენდენცია არის დისკრიმინაციული და დაუშვებელი, არ შეიძლება რომ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასე ითამაშოს სასამართლომ და თვითონ გადაწყვიტოს რომელი ექსპერტი როდის მოიწვიოს და რომელ ექსპერტს გაუზიაროს პერსონალური მონაცემები, ამას საერთოდ სხვა სტანდარტი სჭირდება.
ადამიანის შერაცხადობის საკითხი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული, ამას ძალიან მკაფიო და მკაცრი კრიტერიუმები სჭირდება და ეს საერთოდ არ არის მოსამართლის საქმე“,- აცხადებს დუტა ჯავახიშვილის ადვოკატი თამარ გაბოძე.
დუტა ჯავახიშვილის საქმის განხილვა დღეს დაასრულდა, მოსამართლე მანუჩარ ცაცუა გადაწყვეტილებას 15 მაისს გამოაცხადებს.