სტუდენტების დაკავებების ახალი ტალღა დაიწყო
პოლიციამ სტუდენტს დასაკავებლად, პირდაპირ უნივერსიტეტში მიაკითხა. "აგრარული უნივერსიტეტის" მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციამ უნივერსიტეტში მიაკითხა და ელენე გელაშვილი ლექციიდან გამოსული დააკავა. "ცეცხლი ილიგარქიას"- ეს იყო ახალგაზრდა სტუდენტის პასუხი.
ელენე გელაშვილს 2025 წლის 18 დეკემბერს, ტროტუარზე დგომას ედავებიან. არადა, ამ დღეს გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ აქციის მიმდინარეობისას, პარლამენტის წინ ასობით ადამიანი შეუფერხებლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადაადგილდება.
დღეს დაკავებების დღე იყო. ტროტუარზე დგომისთვის დააპატიმრეს ბიოლოგი - ნინო საღირაძე. ახალგაზრდა ქალს განაჩენი მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ გამოუტანა. აქტივისტი იზოლატორში დარბაზიდანვე გადაიყვანეს. მასაც ანალოგიურად, 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებიან, რაც ადვოკატისთვის რეპრესიების ახალი ტალღის დასაწყისია.
განსხვავებულად განვითარდა პროცესები დუტა ჯავახიშვილის შემთხვევაში. დარბაზში მოულოდნელად, სამხარაულის ექსპერტი ისე შემოიყვანეს, რომ ადვოკატებიც არ იყვნენ ინფორმირებული, რამაც ეჭვები და კითხვები გააჩინა. სხდომა დაიხურა. ჯავახიშვილი 15 მაისს გაიგებს რა ბედი ელის - ჯარიმა თუ სიტყვიერი გაფრთხილება. აქტივისტი შშმ პირია, ამიტომ მოსამართლე ცაცუამ დაუდასტურა, რომ მის შემთხვევაში პატიმრობა გამოირიცხა, თუმცა, აქ სხვა დილემაა.
აქტივისტების წინააღმდეგ, ადმინისტრაციული საქმეების სერია დღეს საქალაქო სასამართლოში ანუკა გამსახურდიამ დახურა. აქტივისტს ნანა შამათავას კრიტიკა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი 3000 ლარიან ჯარიმად დაუჯდა. ანუკა გამსახურდია ამ თანხის გადახდას არ აპირებს.
დეკემბრიდან დღემდე ასობით აქტივისტი იზოლატორში გამოკეტეს, ბრალი ერთია ტროტუარზე დგომა.