მზადება 26 მაისისთვის - "ოპოზიციის ალიანსი" საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
"ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენლები მოქალაქეებს 26 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაციას აცნობენ და მოუწოდებენ მასშტაბურ შეკრებას შეუერთდნენ.
დღეს, "ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენლები მოქალაქეებს მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე 26 მაისის მოსაწვევებს ურიგებდნენ.
პოლიტიკოსებთან ერთად მოსახლეობას სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტებიც ხვდებიან.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, მათი მცდელობაა, რომ მოქალაქეებს მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ მოქალაქეებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 26 მაისს არის მნიშვნელოვანი აქცია და გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გამოვიდეს. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებშიც გვაქვს აქტიურობა, მაგრამ ასევე ფიზიკური აქტივობა ყოველ დღე, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში ვარიგებთ ფლაერებს და ვისაც სურვილი აქვს, მოქალაქეებს ვესაუბრებით. დღეს გლდანში ვართ გამოსულები და გლდანში ვაკეთებთ ამას," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი 26 მაისამდე ხალხს ყოველდღიურად შეხვდებიან.
26-მდე გაგრძელდება ყოველდღე, ჩვენ ვხვდებით ხალხს, ვხვდებით საზოგადოებას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და დარწმუნებული ვარ ბევრი ხალხი შეიკრიბება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში დავიწყოთ ახალი ეტაპი ბრძოლის. ბევრი საინტერესო რამ გვაქვს დაგეგმილი 26-ში, მსვლელობა გვექნება უნივერსიტეტიდან, შევიკრიბებით შემდგომ რუსთაველზე, მაგრამ რაც მთავარია, ველოდებით ბევრ ხალხს და ყველას ვეუბნებით, რომ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ," - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, "ოპოზიციური ალიანსი" ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადება. პროტესტის მონაწილეები 26 მაისს, საღამოს შვიდ საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.