პაატა ბაირახტარი პრემია-დანამატებზე: ამ კანონის მობრუნება რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება

13.05.26 23:31
პაატა ბაირახტარი პრემია-დანამატებზე: ამ კანონის მობრუნება რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის" დამფუძნებელმა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა "ქართული ოცნების" მიერ საჯარო სექტორში პრემია-დანამატების დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ამ კანონის მობრუნება რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება".

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები უნდა იყვნენ სოციალური და ეკონომიკური პრობლემებზე, "ორიენტირებულნი არიან პირად ინტერესებსა და პირადი კეთილდღეობის მოწყობაზე". 

გავიხსენოთ, თუ რატომ გაუქმდა თავის დროზე, როდესაც გაუქმდა ამ კანონის მონათესავე მისი წინამორბედი კანონი, აქ იყო საუბარი გაზრდილ კორუფციის რისკებთან დაკავშირებით. ჩენ თუ იმის შემდეგ დაწყებული სხვადასხვა რეიტინგებით, გაგრძელებული ერთეული ქეისებით, რომელიც საჯარო გახდა, როგორც მინიმუმ არ გაუმჯობესებულა კორუფციის დონე ქვეყანაში, უფრო გაუარესდა. ამ ფონზე ამ კანონის მობრუნება მსუბუქად რომ ვთქვათ, რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება. 

რეალურად ჩვენი მთავარი პრობლემა ამ ნაწილში გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები უნდა იყვნენ იმ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების დაძლევაზე, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ მძაფრად არის, ორიენტირებულნი არიან პირად ინტერესებსა და პირადი კეთილდღეობის მოწყობაზე მხოლოდ და მხოლოდ. აქედან გამომდინარე ამას ემსახურება ეს კანონი.

იგივე, მიმართულებაა, თუ შევხედავთ შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობასაც, ესეც იზრდება ამ ნაწილში, ჩენ თუ შევხედავთ იგივე ევროპის ქვეყნების მაგალითს, ამ ნაწილშიც უშტატო თანამშრომლების ნაწილში საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა. ამას თუ დავუმატებთ ამ ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კიდევ იზრდება, ეს საერთოდ ყოველგვარ ახსნას სცდება," - განაცხადა პაატა ბაირახტარმა

„ქართული ოცნება“ საჯარო სექტორში პრემია-დანამატების დაბრუნებას გეგმავს. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი სავარაუდოდ ხვალ განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, ის სისტემა, რომელიც წლების წინ კორუფციის რისკების მოტივით შეიზღუდა, კვლავ ამოქმედდება.

ინიციატივის თანახმად, მერების, მინისტრების მოადგილეებისა და სახელმწიფო რწმუნებულების დამატებითი ფინანსური წახალისება ისევ შესაძლებელი გახდება, თუმცა ახალი ფორმულირებით — პრემიის ნაცვლად მას „ჯილდო“ ეწოდება.