"ქართული ოცნება" მოინდომებს, რომ შიო იყოს მისი ნაწილი" - პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" მოინდომებს, რომ ახლად არჩეული პატრიარქი შიო მესამე მისი ნაწილი იყოს.
მისი თქმით, პატრიარქ ილია მეორის დროს ეკლესია ანგარიშგასაწევი ძალა იყო, ხოლო "ქართული ოცნება" კრიტიკას ვერ იტანს, რის გამოც, მისი აზრით, ივანიშვილის გუნდი მოინდომებს, რომ შიო მესამე არ იყოს ისეთივე ავტორიტეტული, როგორიც ილია მეორე იყო.
მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ეკლესია არის უაღრესად ავტორიტეტული და რეპუტაციული საქართველოშ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა ეკლესიას, მაგრამ, ჩემი აზრით ის უფრო ენდობოდა პატრიარქს, ანუ შეიძლება გათვიცნობიერებული არ იყო, მაგრამ პატრიარქი ილია მეორის ღვაწლის გამო იყო ინსტიტუტი ძლიერი. მთავარი გამოწვევა არის მან [შიო მესამემ] ეს არ დაკარგოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მონაპოვარი.
მე მაინც მგონია, რომ "ქართული ოცნება" ვერ იტანს კონკურენციას, ეკლესია იყო უაღრესად დიდი ძალა, როგორც პატრიარქი, ისე აქედან გამომდინარე ეკლესია და ანგარიშგასაწევი ძალა იყო საზოგადოებაში. პატრიარქი ილია მეორე, ხშირად, თავისი დუმილით, მდუმარებით, თავისი დგომით, ბევრი რაღაცებით თავის პოზიციას გამოხატავდა, მისი უპირატესობა, რაც ხშირად კრიტიკის საგანი იყო, იყო ის, რომ ყველასთან ცდილობდა თანაბარი ყოფილიყო და ეს გამოსდიოდა. მე პირადად ვიცნობდი მას და ეს თვალშისაცემი იყო, ის ცდილობდა არცერთი მხარე არ დაეჭირა და ყველა მხარეს ჰქონოდა მასთან მისვლის პირობა და უფლება.
შიო არ უნდა გახდეს რომელიმე ერთი მხარე, ანუ ხელისუფლების მხარე, არადა "ქართული ოცნება" მოინდომებს, რომ შიო იყოს მისი ნაწილი. ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" მოინდომებს შიო არ იყოს ისეთი ავტორიტეტული, როგორიც ილია მეორე იყო და ამით მართავდეს მას და რამდენად გამოუვა სხვა საკითხია," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს. 39-წევრიან სინოდში მან 22 ხმა მიიღო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.