4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო
4 ოქტომბრის საქმე - ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში.
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა აქტივისტებმა პროკურორი სიცრუეში პირდაპირ სასამართლო დარბაზში დაადანაშაულეს.
ბრალდებულების თქმით, მტკიცებულებები, რომელზედაც ბრალდების მხარე საუბრობს, გაყალბებულია და ის ვერ დაადასტურებს მათ ბრალეულობას.
ერთ-ერთი ბრალდებული, 66 წლის ზაქრო ალბუთაშვილი პროკურორს უმტკიცებდა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ის ცდილობდა სიტყვა ეთქვა, თუმცა, მოსამართლემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა და სრულყოფილი საუბარი ვერ შეძლო.
ამის შემდეგ, მოსამართლემ ყველა მათგანი გააფრთხილა, რომ თუ სახელმწიფო მბრალდებელს კიდევ ერთხელ გააწყვეტინებდნენ სიტყვას, ის მათ დარბაზს დაატოვებინებდა.
მოსამართლე ასევე დაინტერესდა, იყო თუ არა რომელიმე თანახმა საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა, დაკავებულმა პირებმა უარი განაცხადეს. მათი თქმით, ისინი ვერ აღიარებენ იმას, რაც არ ჩაუდენიათ.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 22 მაისს ჩაინიშნა, დაცვის მხარე ისარგებლებს საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით, ამის შემდეგ კი თავად ბრალდებულებს მიეცემათ საშუალება, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
- ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.