იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონი და მეილი 2 თვეა არ მუშაობს - თორნიკე რაზმაძე

28.09.26 23:14
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონი და მეილი 2 თვეა არ მუშაობს - თორნიკე რაზმაძე

სამოქალაქო აქტივისტი, თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონი და მეილი 2 თვეა არ მუშაობს. 

როგორც ის ვიდეო მიმართვაში ჰყვება, 2 კვირის წინ მიმართა საბჭოს მისი სასამართლო სხდომა მედიისთვის გაეხსნათ და იმის გამო, რომ პასუხი არ ეცნობა, ცდილობდა, ტელეფონზე დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ.

მისი თქმით, ბოლოს თავად გადაწყვიტა მისულიყო და გაეერკვია, რატომ არავინ მიაწოდა ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ნომერი, რომელიც საკონტაქტოდ ჩააწერინეს, აგვისტოს ბოლოდან არ მუშაობს, ასევე პარალიზებული მეილიც.

ახლა ვიყავი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამათ ვთხოვე, რომ სხდომა გაეხსნათ მედიისთვის, რომ გაიგოს ხალხმა სიმართლე, რას მედავებიან. 2 კვირა გავიდა და არ მოუწოდებიათ ინფორმაცია, 2 კვირაა ვრეკავ ცხელ ხაზზე, ნომერზე, რომელიც თვითონ მომაწოდეს. კაციშვილი არ პასუხობს 2 კვირაა, არც დილას, არც შუადღეს და არც საღამოს. ხოდა დღეს მოვედი და ვეუბნები - 2 კვირაა ვრეკავ და რისთვის მომეცით ეს ნომერი, თუ არ პასუხობთ მეთქი, არაო, განა ჩვენ არ ვპასუხობთო, უბრალოდ, აგვისტოდან მოყოლებული არც ტელეფონი და არც მეილი არ მუშაობსო, ამას მეუბნებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2 თვეზე მეტია, ტელეფონის ნომერი არ მუშაობს, მეილი არ მუშაობს, ადამიანს თუ რამეზე უნდა დაკავშირება, უნდა მოვიდეს სამასი არაგველის მეტროს ქვემოთ და კანცელარიაში უნდა იკითხოს. მოვედი და ვიკითე, გამაგებინეთ ჩემი სასამართლოს პასუხი-მეთქი - არ ჩატარებულა სხდომა და არ განუხილავთო, როდის ტარდება მეთქი, არ ვიცი, საიტზე შედითო, შევედი საიტზე და წერია, რომ დღეს, 28 სექტემბერს არის, მეთქი ხვალ დილას დავრეკავ და მეცოდინება პასუხი და მოვითხოვე სხვა ნომერი, მაგრამ უარი მითხრეს, ვერ მოგცემთ ვერავის ნომერსო... რამეს თუ ვიტყუებოდე, დედას გეფიცებით, ცისფერი მთებია ჩვეულებრივი... პასუხი გეცნობებათ აუცილებლადო, პასუხი მეცნობება, ჩემი სასამართლო რომ დასრულდება, მერე მომივა ალბათ პასუხი, რომ დაკმაყოფილდა, ან არ დაკმაყოფილდა, იმ სხდომის მედიისთვის გახსნა, რომელიც უკვე აღარ არის, - ამბობს თორნიკე რაზმაძე.

  • ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
  • მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.