დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები პატრიარქ შიო მესამეს ხვდებიან
ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი პატრიარქს ყველა დეტალს გააცნობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ მთავრობისგან, კონკრეტულად რა და რამდენი წამალი არსებობს და რატომ გამოვიდნენ ქუჩაში.
ყველა მშობელი გახარებულია იმით, რომ მისმა უწმინდესობამ გამოთქვა სურვილი ჩვენთან შეხვედრის. ეს, რა თქმა უნდა, სენსიტიური თემაა, აქტუალური თემაა საზოგადოებაში და ჩენ აბსოლუტურად ყველაფერს მოვუყვებით მის უწმინდესობას, პატრიარქს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნა გვაქვს ჩვენ მთავრობის მიმართ, რატომ გამოვედით მშობლები ქუჩაში და მივმართეთ უწყვეტ აქციას, რა მედიკამენტები და რამდენი მედიკამენტი არსებობს," - განაცხადა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა.
კიდევ ერთი მშობელი და იურისტი, კახა წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ მათ სამი მოთხოვნა აქვთ: უშუამდგომლოს წამლებთან დაკავშირებით, შეიქმნას საერთო ფონდი და მიიღონ პრობლემურ შემთხვევებზე დახმარება.
ჩვენ მინიმუმ სამი მოთხოვნა გვაქვს, ერთი არის შუამდგომლობა წამლებთან დაკავშირებით, მეორე არის საერთო ფონდის შექმნა და მესამე არის პრობლემურ შემთხვევებზე დახმარება, როცა კონკრეტულ შემთხვევებში ბავშვებს სჭირდებათ საგანგებო და სასწრაფო ყურადღება," - ამბობს კახა წიქარიშვილი.
ერთ-ერთი მშობლის თქმით, ბავშვებს დასაკარგი დრო არ აქვთ და იმედს იტოვებენ, რომ პატრიარქი შიო მესამე მათ გულისტკივილს მოისმენს და გაითვალისწინებს.
ეს დაავადება არის პროგრესირებადი, ჩვენ დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. დრო მოქმედებს ჩვენ საწინააღმდეგოდ. დღეს, რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინები გვაქვს, რომ პატრიარქი მოისმენს ჩვენს გულისტკივილს და დარწმუნებული ვარ, გაითვალისწინებს და გვიშუამდგომლებს იმ წარმომადგენლებთან, ვისაც კავშირი აქვს ამ პრეპარატების შემოტანასთან დაკავშირებით," - ამბობს ის.