რუსეთის მოქალაქე ამტკიცებს, რომ მისმა ძმამ პოლიციელს წიხლი ჩაარტყა და სასამართლომ ჯარიმით გაათავისუფლა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქე საქართველოში პოლიციელებთან მისი ძმის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ საუბრობს. ახალგაზრდა კაცის მტკიცებით, მისმა ძმამ პოლიციელს წიხლი ჩაარტყა, რის შემდეგაც განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ მხოლოდ ჯარიმა დააკისრა და გაათავისუფლა.
მეგობრებო, ახლახანს გადავკვეთე საქართველოს საზღვარი და გამახსენდა ერთი შემთხვევა. ხომ გახსოვთ ის გოგო, ქორწილში ბიჭმა ცხვირში რომ ჩაარტყა და მოუტეხა და ყველამ რომ დაიწყო აურზაური, რომ ეს ბიჭი დაიჭირეს და მერე ეგრევე გაუშვეს ჯარიმითო. უბრალოდ, მათთან სასამართლო სისტემა სულსხვანაირად მუშაობს. ახლა მოგიყვებით სიტუაციას, რომელიც მე გადამხდა. საქართველოში ვიყავი ჩემს ძმასთან ერთად და უსიამოვნო სიტუაცია მოხდა ტაქსისტებთან. მოვიდა პოლიცია და ჩემს ძმასაც უსიამოვნო სიტუაცია მოუვიდა პოლიციელებთან, ისეთი შემთხვევა იყო, რომ ჩემმა ძმამ პოლიციის უფროსს მკერდში ფეხი ჩაარტყა. წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია რუსეთში, რა დაემართებოდა იმ ტურისტს, რომელიც პოლიციის უფროსს ფეხს მკერდში ჩაარტყამდა. ვფიქრობდი, ის ისე იოლად ვერ გადარჩებოდა, მაგრამ საქართველოში წაიყვანეს განყოფილებაში, მეორე დღეს სასამართლოში სხდომა გაიმართა, გამოუწერეს ჯარიმა, გადაიხადა ჯარიმა და გეთაყვა, თავისუფალი ხარ. უბრალოდ, მათთან სასამართლო სისტემა სხვანაირად მუშაობს, ამიტომ ნუ ამბობთ, რომ აი, ის ქართველია და ამიტომ გაუშვეს და არ ჩასვესო, უბრალოდ, მათთან სასამართლო სისტემა სხვანაირად მუშაობს, - ამბობს რუსეთის მოქალაქე ვიდეომიმართვაში.
ვიდეოს გავრცელებას სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელის საქმესთან შედარება მოჰყვა. მოქალაქეები კითხულობენ, რატომ რჩება პატიმრობაში ჟურნალისტი, რომელსაც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაშინ როდესაც, ვიდეოს ავტორის მონათხრობის თანახმად, რუსეთის მოქალაქე პოლიციელზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ ჯარიმით გათავისუფლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიდეოში დასახელებული გვარის მქონე პირის მიმართ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიება არ ფიქსირდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვიდეოს ავტორის მონათხრობი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.