დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობა - ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

18.11.26 18:35
დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობა - ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმე -  ბრალდებული არასრულწლოვანი, ირაკლი სულაბერიძე და კიდევ ერთი პირი დემეტრე კასრაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ვინაიდან დემეტრე კასრაძე უკვე სრულწლოვანი გახდა, სასჯელის ზომა დღესვე განესაზღვრა. მას მოსამართლის განაჩენით, 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 3,9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება ირაკლი სულაბერიძეს, ის არასრულწლოვანია, რის გამოც, მისი სასჯელის დანიშვნის სხდომა ცალკე, 24 ნოემბერს ჩაინიშნა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები მძიმე ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და სოციალურ  ქსელებში ავრცელებდნენ.

 ირაკლი სულაბერიძეს და დემეტრე კასრაძეს ხელბორკილები 27 მაისს დაადეს. 

  • გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
  • ასევე, საქმის მასალების მიხედვით, იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.