განათლების მინისტრი ილიაუნიში შეხვედრაზე არ მივიდა - სტუდენტების პასუხი მიქანაძეს
მიქანაძის უარი სტუდენტებს - განათლების მინისტრი ილიაუნიში შეხვედრაზე არ მივიდა. გასაუბრება მიქანაძესთან დღეს ახალგაზრდებს ე.წ განათლების რეფორმაზე სასაუბროდ ჰქონდათ დაგეგმილი. ამ მიზნით სამინისტროში სტუდენტების ხელმოწერებიც შევიდა, მაგრამ მიქანაძე მათთან არ გამოჩნდა.
მიქანაძის შეხვედრაზე არ მისვლის შემდეგ, მოძრაობა ,,დაიცავი ილიაუნიმ” 19 ნოემბერს, 17:00 საათზე აქცია დააანონსა.
,,თუ მინისტრი სტუდენტებთან არ მიდის, სტუდენტები მივლენ მინისტრთან!” - ამბობენ სტუდენტები.
,,მოსვლა შეშინებულმა მინისტრმა ვერ გაბედა პირისპირ გაეცა პასუხები საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის, რითაც სრულად გაშიშვლდა ანტიკონსტიტუციური დეფორმა. სტუდენტური წინააღმდეგობა გარდაუვალია! მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს მხარი დაუჭირეთ ჩვენს სამართლიან პროტესტს!” - წერს მოძრაობა.
“სტუდენტებო, ვინც ფიქრობთ, რომ თქვენი შრომა არ ფასდება; პროფესორებო, რომლებსაც პროგრამებს გიხურავენ; მშობლებო, რომლებიც თქვენი შვილების მომავალზე ფიქრობთ; მოქალაქეებო, რომლებიც საქართველოს მომავალზე დარდობთ, გელოდებით ყველას - ხვალ, 19 ნოემბერს, 17:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან.
გივი არ მოვა სტუდენტებთან? სტუდენტური ძალა მივა გივისთან” - თქვა სტუდენტმა დავით მშვენიერაძემ.