მკვლელი ნივთიერებები და უკონტროლო ონლაინქსელი - ზედოზირებით კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა
თბილისში სავარაუდოდ ნარკოტიკის ზედოზირებას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. 22 წლის დავით ბლიაძე მეგობრებმა საცხოვრებელ ბინაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები მალევე მივიდნენ, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირება განიხილება.
ტრაგედიის შემდეგ ოჯახმა საჯაროდ საუბრის გადაწყვეტილება მიიღო. გარდაცვლილის ბაბუა ამბობს, რომ დავით ბლიაძემ ნარკოტიკული ნივთიერება სავარაუდოდ ტელეგრამ-არხის მეშვეობით შეიძინა. ოჯახის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას უკვე აქვს ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც, მათი მტკიცებით, ჩანს, როგორ იღებს ახალგაზრდა ნივთიერებას ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად დამალული ადგილიდან. ახლობლების თქმით, ნივთიერების მიღებიდან მალევე ახალგაზრდა გარდაიცვალა.
დავით ბლიაძის საქმე, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი ტრაგედია არ არის. „პირველების“ ინფორმაციით, ქვეყანაში ე.წ. ონლაინნარკობიზნესის მასშტაბები იზრდება. ტელეგრამ-არხებით მოქმედ სქემებზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც თავადაც ყოფილან ამ ქსელში ჩართული. არხმა ჩაწერა სატელეფონო ინტერვიუ ახალგაზრდასთან, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში კურიერად მუშაობდა და მოგვიანებით გაიგო, რომ ამანათების სახით ნარკოტიკულ ნივთიერებებს არიგებდა.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.