რეალურად შემცირდა თუ არა უმუშევრობა ქვეყანაში - რას ამბობენ ექსპერტები საქსტატის მონაცემებზე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემების მიხედვით, 2026 წლის მარტში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4% შეადგინა.
საქსტატის ცნობითვე, 2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 53.4%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 1%-ით და 45.7% შეადგინა.
მონაცემების მიხედვით, 2026 წლის I კვარტალში 230 ათასი ადამიანია უმუშევარი.
ეკონომისტების თქმით, საქსტატის მონაცემები ქვეყნის რეალურ მდგომარეობას არ აჩვენებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური პარადოქსია, როდესაც "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გვაქვს და ამავდროულად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.
მისი თქმით, საგანგაშოა, რომ სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანების რაოდენობა 50 ათასით გაიზარდა.
ჩვეულებრივი ეკონომიკური პარადოქსია, როდესაც გვეუბნება "ქართული ოცნება", რომ ეკონომიკა იზრდება დაახლოებით ათი პროცენტით და ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. რატომ წერია ქაღალდზე, რომ უმუშევრობა არის შემცირებული, 50 ათასი ადამიანით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც არის სამუშაო ძალის გარეთ. ვინ არის სამუშაო ძალის გარეთ? - ეს არის ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ან აღარ ეძებენ სამსახურს. შესაბამისად ეს სტატისტიკა არის ძალიან საგანგაშო, რადგანაც მოცემულობა, რომ 50 ათასი ადამიანით იზრდება სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანების რაოდენობა და 25 ათასი ადამიანით მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმასვლის ნიშნები არ ჩანს," - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დამფუძნებელი, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ 14.4% უმუშევრობის დონე ქვეყნისთვის მაინც ძალიან კრიტიკულია, თუმცა მეორე საკითხია მართლა შემცირდა თუ არა უმუშევრობის რაოდენობა, რადგან ამავე სტატისტიკაში შემცირებულია სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობაც.
14% ქვეყნისთვის მაინც ძალიან კრიტიკული ნიშნულია. მეორე მიმართულებაა, რეალურად შემცირდა თუ არა უმუშევრობის რაოდენობა, სამწუხაროდ ასე არ არის, რამდენადაც ჩვენ თუ ამავე სტატისტიკას ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ შემცირებული არის სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა. ამის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ იმედი დაკარგა, რომ სამუშაოს იპოვნის, შეიძლება ვიღაც ემიგრაციაში წავიდა და ა.შ.. რეალურად, ეს სურათის გაუარესება გამოდის და არა გაუმჯობესება ამ ნაწილში.
თუ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა იკლებს, ეს რაღაცა პრობლემაზე მიუთითებს და ამის ნიადაგზე მიღწეული დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი რეალურ სურათს ვერასდროს ვერ გვაძლევს," - ამბობს პაატა ბაირახტარი.
მსგავსი სიახლეები
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა