მკვლელი ნარკოტიკის ბუმი ქვეყანაში - რას მალავს შსს?
მალავს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედოზირების შემთხვევებს?! ნარკოდანაშაულთან გამოცხადებული ბრძოლის პარალელურად, ირკვევა რომ უწყება არ ასაჯაროებს სტატისტიკას, სადაც გადაჭარბებული დოზით მოწამლული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა უნდა იყოს ასახული. ნარკოლოგებს აქვთ ეჭვი, რომ მონაცემები მიზანმიმართულად იმალება, რადგან "ოცნების" ნარკოპოლიტიკა უშედეგოა და ქვეყანაში ვითარება უარესდება.
ნარკოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დავით ვადაჭკორია ამბობს, რომ ბოლო წლებში, ნარკოტიკის მომხმარებელთა ასაკი გაახალგაზრდავდა. მკვლელი ნივთიერებებით სულ უფრო მეტი მოზარდი იწამლება და ხშირია სიკვდილიანობაც. ამას განაპირობებს იატაკქვეშა ლაბორატორიებში დამზადებული ნარკოტიკები, რომლის შემადგენლობასაც მყიდველი ვერ ადგენს. ასეთ ნარკოტიკში, ეფექტის გაზრდის მოტივით დამატებულია ისეთი ნივთიერებები რომლებიც მცირე დოზით მოხმარების შემთხვევაშიც მომაკვდინებელია.
პროკურატურის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სისხლის სამართლის დევნა ყველაზე მეტჯერ სწორედ ნარკოდანაშაულის მუხლით დაიწყეს. ამ ბრალდებით ხელბორკილები 6 ათასზე მეტ ადამიანს დაადეს, რაც წინა ხუთი წლის მონაცემებს რამდენჯერმე აღემატება, თუმცა ექსპერტების თქმით, ფაქტია, რომ დაკავებები შედეგიანი არ არის. სიკვდილიანობა იზრდება და პრობლემის მოგვარებას სისტემური მიდგომა სჭირდება.