საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება გრძელდება - PACE-ს კომიტეტი
საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება გრძელდება - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციაშია საუბარი, რომელიც მონიტორინგის კომტეტმა სამი დღის წინ დაამტკიცა. დოკუმენტი ივნისში უკვე გავა სესიაზე, სადაც მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს.
კომიტეტი თანამომხსენებლების ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტში სინანულს გამოთქვამს, რომ ასამბლეის არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული და აცხადებს, რომ დემოკრატიის მუდმივი რღვევა „სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზაობასთან დაკავშირებით, შეასრულოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებები.
რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში არ არსებობს გარემო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ამიტომ, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, პრიორიტეტულად დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო აქტორის მონაწილეობით
დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე განუწყვეტელი ზეწოლის, ისევე როგორც ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად, საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ამიტომ, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, პრიორიტეტულად დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო აქტორის მონაწილეობით, რათა ქვეყანაში აღდგეს ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო, ქართული საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და ამბიციების შესაბამისად". - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
დოკუმენტში საუბარია ბბს-ის გამოძიებაზე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ და გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ აქციებზე ძალის გადამეტების შემთხვევები გამოძებული არ არის და პასუხისგებლობაში არ არიან მიცემულები ის ძალოვნები, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი დემონსტრანტები სცემეს.
ასამბლეა წუხს იმის გამო, რომ, მისი მრავალი მოწოდების მიუხედავად, არ ჩატარებულა სარწმუნო გამოძიება დემონსტრაციების დროს ჩადენილი პოლიციის მხრიდან სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ, ისევე როგორც მრავალრიცხოვან ცნობებზე დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე მათი დაკავებისა და პატიმრობის დროს. იგი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ თბილისში აქციის დასაშლელად გამოყენებულ იქნა აკრძალული ქიმიური ნივთიერებები. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სარწმუნო, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით.
რეზოლუციაში ცალკე თავია პოლიტიკურ პატიმრებსა და რეპრესიულ კანონებზე - ნათქვმია, რომ გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი წარმოების ბოროტად გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ.
დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი და სასტიკი რეპრესიები, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი წარმოების ბოროტად გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ. პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომლის ერთადერთი მიზანი განსხვავებული აზრის ჩახშობაა, აჩენს პოლიტპატიმრების არსებობის საფრთხეს და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან და საქართველოს წევრობის ვალდებულებებთან. ასამბლეა ამ კონტექსტში სახელმძღვანელოდ იხსენებს თავის რეზოლუციას პოლიტპატიმრის დეფინიციის შესახებ. ამ თვალსაზრისით, იგი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერებისა და სხვების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ, აშკარად შეთითხნილი ბრალდებებით გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული განაჩენების გამო", - ნათქვამია დოკუმენტში.
ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გააუქმოს ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი სადავო ცვლილებები, კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
იგი იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შეიცვალოს სრულიად ახალი კანონით, რომელიც შემუშავდება ევროპის საბჭოსთან მჭიდრო კონსულტაციით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი შესაბამისობა ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან", - ნათქვამია დოკუმენტში.
რეზოლუციაში ასევე საუბარია საერთაშორისო გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე - ამ კონტექსტში, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმები და მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ ყველა სახელმწიფოს, განიხილონ კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საჩივრების წარდგენის შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ საქართველომ სრულად დაიცვას ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ყველა სტანდარტი და ვალდებულება. კომიტეტი წუხს იმის გამო, რომ დღემდე არ მომხდარა კონვენციით შემოთავაზებული ამ მექანიზმების გამოყენება.
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის შესახებ.