83 000 ლარი რესტორან "შუაგულს", 12 400 ლარი "პარაგრაფს", 10 000 ლარი "ბათუმი თაუერს" ბიუჯეტიდან - რამდენი დახარჯეს უწყებებმა?
83 000 ლარი რესტორან შუაგულს, 12 400 ლარი პარაგრაფს, 10 000 ლარი ბათუმი თაუერს ბიუჯეტიდან - ეს სარესტორნო ხარჯები აღსრულების ბიურომ, ტურიზმის ადმინისტრაციამ და კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო ორ კვირაში დახარჯეს. რესტორანი შუაგული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლის ვალერიან ცერცვაძის საკუთრებაა - მან სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს თითქმის 84 ათასი ლარი მიიღო გალა ვახშმით გამასპინძლებაში, შარშან კი აღსრულების ბიურომ ამავე რესტორანში 32 ათას ლარზე მეტი დახარჯა.
ეს ყველაფერი არ არის - რესტორნებში ათასობით ლარს ხარჯავენ მუნიციპალიტეტებიც - მაგალითად, თელავის მერიამ 3 ათას 749 ლარი ლექსოს მარანში დახარჯა, საპენსიო ფონდმა ანტრე 2008-ში 5 ათასი ლარი. ასევე 12 400 ლარი ივანიშვილის სასტუმროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გადაუხადა კვებით მომსახურებასა და ყავით გამასპინძლებაში - ტრენინგს 100 ადამიანი ესწრებოდა.
რესტორანებში ფული იხარჯება, თუმცა ხშირად არ ჩანს დასაბუთება, რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო ქეიფი და ვინ დაპატიჟეს სუფრაზე. არის შემთხვები, როდესაც რეგიონის მმართველების თიბლისიდან ჩასულ ჩინოვნიკებსაც რესტორნებში ხალხის ხარჯზე ეპატიჟებიან. ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხალხის გადასახადებიდან შესული თანხებიდან იხარჯება - ირაკლი კობახიძე თვლის, რომ მისი გუნდი ფულს გონივრულად ხარჯავს - მას არ ეთანხმება მოსახლეობა. ხალხის ფული უნდა იხარჯებოდეს ხალხის მოთხოვნების შესაბამისად - ასე ფიქრობს ოპოზიცია.
კომუნიკაციების კომისია "პირველებთან" განმარტავს, რომ მასზედ კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით, რომელიც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებას ითვალისწინებს, ჩაატარა მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის კონფერენცია, სადაც მედიაწიგნიერების საგნის ფორმალურ განათლებაში ინტეგრორების მიზნით, რეგიონების პედაგოგებსა და დირექტორებს, საგნის სწავლების მეთოდები გააცნო და შესაბამისი მიმართულებით გადაამზადა. ღონისძიება განათლების სამინისტროსა და UNICEF-ის მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება და წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა რეგიონებიდან ჩასულმა 100-მა მასწავლებელმა მიიღო, რაშიც კომუნიკაციების კომისიამ საკუთარი შემოსავლიდან სულ 11800 ლარი დახარჯა.