დაიცავი ილიაუნი-ს ლაივ მარათონში დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის 100 000 ლარი შეგროვდა
"დაიცავი ილიაუნი"-ს ლაივ მარათონში დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის 39 საათში 100 000 ლარი შეგროვდა. როგორც მარათონის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ჯანჯღავამ "პირველებს" განუცხადა, აღნიშნული თანხა დილის 9 საათზე უკვე იჯდა ანგარიშზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს ბევრი საჭიროება აქვთ, "დაიცავი ილიაუნი" მარათონს აგრძელებს.
დაახლოებით დილის 9-ზე 100 000 ლარი იყო სადღაც. ჩვენი მიზანი რაც იყო შესრულდა ამ ეტაპზე, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ გავაგრძელოთ ეს, რადგან საჭიროებები ბევრად მეტია. ჩანს, რომ ხალხს ეს პრობლემა გულთან ახლოს მიაქვს და ხალხის გადაწყვეტილებაა, რომ ბავშებს ჰქონდეთ წამალი", - თქვა ლაშა ჯანჯღავამ.
10:23 - განახლება - თანხის აგროვების შემდეგ დაიცავი ილიაუნი-ს სტუდენტები კანცელარიასთან დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან მივიდნენ.უწყვეტი ლაივის მეშვეობით ამ დროისთვის 112 000 ლარი შეგროვდა.
„დაიცავი ილიაუნი” თანხას აგროვებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.