სად ქრებიან მიუსაფარი ძაღლები? - ფილარმონიასთან ცხოველთა დამცველებმა აქცია გამართეს
მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების ფაქტებზე კითხვები და ეჭვები იზრდება. ამ საკითხზე დღეს ფილარმონიასთან აქცია გაიმართა.
ცხოველთა დამცველები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხფეხების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, თუმცა მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
აქტივისტების თქმით, არსებობს არაერთი ფოტო და ვიდეომტკიცებულება, სადაც ძაღლების აყვანის ფაქტებია ასახული, თუმცა თბილისის მონიტორინგის სააგენტო ხშირად ან არ აკონკრეტებს, სად გადაჰყავთ ცხოველები, ან საერთოდ უარყოფს მათი გადაყვანის ფაქტს.
ცხოველთა უფლებადამცველები შიშობენ, რომ ნაწილი თავშესაფარში საერთოდ არ ხვდება. მათი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ძაღლებს ფარულად ხოცავენ ან ქალაქიდან შორს, დაუსახლებელ ტერიტორიებზე ტოვებენ, სადაც ისინი შიმშილისა და მძიმე პირობების გამო იღუპებიან.
აქტივისტები სააგენტოსგან გამჭვირვალობასა და კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ — სად მიჰყავთ აყვანილი ცხოველები და რა ბედი ეწევათ მათ შემდეგ.
არცერთი გაუჩინარებული ძაღლი არ არის ნაპოვნი. ეს ჩვენ გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ძაღლები არ არიან ცოცხლები, - ამბობს მოქალაქე.