გადაყენებული იქნას ტრაპაიძე ჯალათი - გიორგი დავითაძის დედა აპირებს, ბრძოლა სტრასბურგში გააგრძელოს
პატიმარ გიორგი დავიტაძის დედა, ირმა დავითაძე ამბობს, რომ მას საქართველოში სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს და აპირებს ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელოს.
როგორც მან იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მათი მოთხოვნაა, სასწრაფოდ გადადგეს შოთა ტრაპაიძე და ასევე, “ჯალათების წამხალისებელი“ გიორგი პატარიძე.
ბატონ სალიას აქედან მივმართავ, დაუყოვნებლივ იქნას გადაყენებული, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ტრაპაიძე ჯალათი და მისი ბადრაგები და მათ შორის პატარიძე, რომელიც ურცხვად გამოდის და ამ ჯალათებს ახალისებს და მადლობას უხდის. ფარსი გამოძიება დაასრულეთ, გადმომეცით მე ეს საბუთი, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი დაზარალებულად არ იქნება ცნობილი, შემდეგ ეტაპს უთქვენოდ გავივლი და წავიღებ ამ ყველაფერს სტრასბურგში, - ამბობს დავითაძე.
იუსტიციის სამინისტროსთან პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით - შოთა ტრაპაიძე ჯალათია, მხარდაჭერა გიორგი დავითაძეს და ა.შ.
აქციის მონაწილეები ციხის უფროსის გადადგომას ითხოვენ.
- შეგახსენებთ, რომ რუსთავის მეექვსე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში ბადრაგი სექსუალურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე ათამდე ბადრაგმა იძალადა.
- პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
- კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
- ამის შემდეგ პატიმრის ოჯახმა საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება და ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომა მოითხოვა - ასევე იმ ბადრაგის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც სექსუალურ ძალადობაში პატიმარმა ამხილა.
- მომხდარს დიდი პროტესტი მოჰყვა, როგორც დავითაძის ოჯახის და მოქალაქეების მხრიდან, ისე პატიმრებშიც. რამდენიმე პატიმარმა დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა. ადვოკატების მიერ ციხიდან გამოტანილი ინფომაციის თანახმად, პატიმრების პროტესტს ბადრაგების მხრიდან სადამსჯელო ოპერაცია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელკეტებით სცემეს რამდენიმე პატიმარი.
- თავად 36 წლის გიორგი დავითაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა, ამტკიცებს, რომ ბადრაგები რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმრების უპრეცედენტო ზეწოლაზე გადავიდნენ.