გრიგოლ ლილუაშვილის საქმე - პროკურატურის დასაკითხ პირთა სიაში ძებნილი კახა გვანცელაძეა

28.05.26 13:56
გრიგოლ ლილუაშვილის საქმე - პროკურატურის დასაკითხ პირთა სიაში ძებნილი კახა გვანცელაძეა

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს -  დღეს ბაგა-ბაღების ძარცვის ეპიზოდზე წესით ბოლო მოწმეები იკითხებაიან. 

ირკვევა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეში დასაკითხ პირთა სიაში არის თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორი, ამ საქმის ფარგლებში ბრალდებული და ამჟამად ძებნილი კახა გვანცელაძე. 

როგორც დღეს, პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარეს აქვს იმედი, რომ კახა გვანცელაძე ოდესმე გამოძიებასთან თანამშრომლობას მოინდომებს. 

იცით, რომ კახაბერ გვანცელაძესაც ამავე მოცემულობის ფარგლებში ბრალი აქვს წარდგენილი. კახაბერ გვანცელაძე ოფიციალურად არის ძებნილი პირი, თუმცა ის შეყვანილ იქნა გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეში დასაკითხ პირთა სიაში იმ მოლოდინით და მოტივაციით, რომ ის ოდესმე გადაწყვეტს გამოძიებასთან თანამშრომლობას. მას ჰყავს მისი ინტერესებსი დამცველი ადვოკატი და თუ იქნება ამის მზაობა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს ადამიანი სასამართლოშიც დაიკითხოს. ზუსტად ამიტომ არის ის დასაკითხ პირთა სიაში მითითებული.

ეკონომიკის სამინისტროსთან მიმართებით არის ეპიზოდი, რომელიც ეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კონკრეტულ მეწარმეს ტენდერში გამარჯვებისთვსი და იმისთვის, რომ შემდეგ მას პრობლემები არ შექმნოდა მისი საქმიანობის კუთხით, მოთხოვნილ იქნა ქრთამის სახით თანხა და შესაბამისად ამ პირის მიერ მოხდა თანხის გადაცემა. ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც მათ შორის სასამართლოში დღე დაიკითხება მოწმე", - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი. 

ის, რომ აღნიშნულ საქმეზე შესაძლოა, ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორი მართლაც გამოიკითხოს, ამაზე ისაუბრა დღეს "პირველებთან" გრიგოლ ლილუაშვილის ინტერესების დამცველმაც - თუმცა, რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ ამას შესაბამისი იურიდიული პროცედურების გავლა დასჭირდება.

ძირითადი მოწმეთა ბაზა, რომელიც უკავშირდებოდა ბაგა-ბაღების ეპიზოდს, თითქმის ამოწურულია, თუ არ ჩავთვლით მისი ყოფილი ხელმძღვანელის გამოკითხვას. გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის მისი პოზიცია უცნობია, რადგან ის ამ ეტაპამდე არ ყოფილა გამოკითხული. თეორიულად რადგან და ვინაიდან სასამართლომ დასაკითხ პირთა სიაში შეიყვანა ეს, შესაძლებელია მოხდეს მისი გამოკითხვა (ოღონდ ამას აქვს იურიდიული პროცედურები). ისეთი ფაქტი იყო, ეს ბატონ გრიგოლს რომ სცოდნოდა, კანონისშესაბამისის რეაგირება მოჰყვებოდა, დიახ ბაგა-ბაღებზე ვსაუბრობ. თანხობრივად, იმ საერთო დაფინანსებიდან ეს ყველაზე დაბალბიუჯეტიანი, თუმცაღა, იმ მასშტაბებით, რაზედაც ზოგადად საუბრობენ არსებულ დანაშაულზე (არ გამოვრიცხავ, რომ ესეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა) თუმცაღა, მასთან შემხებლობა არ უკავშირდება ბატონ ლილუაშვილს", - რობერტ გრიგალაშვილი. 

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.