წახალისებულია ხელისუფლების მიერ - გორში პოლიციელების მიერ ძალადობას აქტივისტები აფასებენ

28.05.26 13:56
წახალისებულია ხელისუფლების მიერ -  გორში პოლიციელების მიერ ძალადობას აქტივისტები აფასებენ

სამოქალაქო აქტივისტები გორში, პოლიციელების მიერ ორი ახალგაზრდა კაცის ცემის ფაქტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის, რაც გუშინ ვიდეოკადრებში ვიხილეთ ერთეული შემთხვევა არ არის. 

მათი თქმით, მოძალადე პოლიციელებს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით დააკავებენ და ცოტა ხანში კვლავ ქუჩაში ვიხილავთ. 

ჟურნალისტი, თორნიკე რაზმაძე აღნიშნავს, რომ დღეს, საპოლიციო სისტემაში დასაწინაურებლად საჭიროა მოძალადე, აგრესიული და ყველაფერზე ხელის მომწერი იყოს.

მისი თქმით, ყველამ ნახა, როგორ ითრევდა ათობით პოლიციელი მომიტინგეებს და როგორ ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად, შესაბამისად ეს ერთეული შემთხვევა არაა. 

ეს არათუ ერთეული შემთხვევებია, არამედ ზუსტად აი ასეთი მოძალადე უნდა იყოს დღეს და ასეთი აგრესიული და ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი, რომ საპოლიციო სისტემაში დაწინაურდეს და დაფასება ჰქონდეს. 

რამდენი კადრი იყო, სადაც ჩანს, რომ ათობით პოლიციელი როგორ ითრევს მომიტინგეებს და როგორ ურტყამენ თავში ხელ-ფეხს. ეს როგორ არის ერთეული შემთხვევა. 

აქცია და პროტესტი ამას ბუნებრივია უნდა მოჰყვეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი იდგება პირობითად გორის ცენტრში, თუ გორის პოლიციის სამმართველოსთან. ყველა ვუყურებთ, გარშემო ერთმანეთს ველაპარაკებით, სოციალური ქსელები იქნება თუ პირადი კომუნიკაცია და ამას აქვს ცალსახა შეფასება," - ამბობს თორნიკე რაზმაძე. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ლუკა მიშველაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" დასავლეთის ქვეყნებში მომხდარზე და ევროკავშირის რეაქციებზე ხშირად საუბრობს, თუმცა ივანიშვილის გუნდის წევრები არაფერს ამბობენ სისტემის დანაშაულებზე, რომელიც უკვე წლებია ადამიანებზე ძალადობს. 

"ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობს ხოლმე იმაზე, რომ დასავლეთში თურმე რაღაც დარბევა იყო და ამ დარბევაზე თურმე რეაგირება არ მოახდინა ევროკავშირმა და დღეს ვხედავთ, "ქართული ოცნების" ყველა წევრს, რომელიც ხმას არ იღებს იამზე, რაც ჩაიდინა მისმა სისტემამ, რომელიც წლებია უკვე ადამიანებზე ძალადობს. 

თუ ახლა რამეს ვხედავთ, არის იმის გამოძახილი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ისევ რა არის სიმართლე და ამაზე ქვეყანაში არის წუხილი და არის მოთხოვნა იმაზე, რომ გაეცეს პასუხი და სწორედ მაგას ცდილობს "ქართული ოცნება" რამდენიმე თვით ალბათ დაიჭერენ ამ ადამიანებს და მერე ისევ ვიხილავთ ქუჩაში," - თქვა ლუკა მიშველაძემ. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ლაშა ჯანჯღავას თქმით, ის რაც გორში მოხდა არა ძალადობის, არამედ წამების ფაქტია, რომელიც ხელისუფლების მიერაა წახალისებული და ამას "წერტილი უნდა დაუსვას ქართველმა ხალხმა". 

გუშინ, გორში რაც მოხდა ეს არ არის ძალადობის ფაქტი, ეს არის წამების ფაქტი, სადაც ათეულობით პოლიციელმა სცემა უმოწყალოდ მოქალაქე. რომ არა ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეო, ამას ჩვენ ვერ გავიგებდით და ისე ჩაივლიდა, თითქოს არაფერი. ეს არის წახალისებული ხელისუფლების [მიერ]. ამის ასე გაგრძელება შეუძლებელია, წარმოუდგენელია. ის ადამიანები, რომლებიც სამართალს უნდა იცავდნენ დღეს არიან მოძალადეებად და მწამებლებად გადაქცეულები და ამას წერტილი უნდა დაუსვას ქართველმა ხალხმა იმიტომ, რომ ეს არავის არ მოსწონს," - განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ. 

ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს, გორის პოლიციის შენობის წინ, აქცია გაიმართება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მოძალადე პოლიციელების დასჯის მოთხოვნით, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.