სამოქალაქო კამპანია "ერთი ხალხი - ერთი საქართველო" გორში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება

28.05.26 15:54
სამოქალაქო კამპანია "ერთი ხალხი - ერთი საქართველო" გორში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება

 

 

გორში მომხდარი სასტიკი ძალადობა კიდევ ერთი მძიმე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს და ქვეყანაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი - ამის შესახებ სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი -ერთი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც გაირკვა, "ერთი ხალხი - ერთი საქართველო" გორში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება. 

მათი თქმით, ქვეყანაში "დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული",  რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებით მკაფიოდ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა და კიდევ უფრო გაღრმავდა 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს.

სამოქალაქო კამპანია გორში მომხდარი ძალადობის ყველა მონაწილე პირის დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს.  

გორში მომხდარი სასტიკი ძალადობა კიდევ ერთი მძიმე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს და ქვეყანაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი.

წლების განმავლობაში, მოქალაქეები ხედავენ, როგორ იქცა სისტემა ადამიანების დაცვის ნაცვლად, ძალადობის, დაშინებისა და ანგარიშსწორების ინსტრუმენტად. სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, საზოგადოების მხრიდან აღიქმება როგორც მოძალადე, ბოლომდე ანგრევს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

დღევანდელი რეალობა შემთხვევით არ დამდგარა. ამ ვითარებას საფუძველი ჩაუყარა იმ დაუსჯელობამ, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებით მკაფიოდ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა და კიდევ უფრო გაღრმავდა 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ძალადობის, ცემის, წამებისა და უკანონო დაკავებების გამოუძიებლობით.

საზოგადოებამ წლების განმავლობაში იხილა:

  • სასტიკად ნაცემი მოქალაქეები;
  • ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ძალადობა;
  • უკანონო დაკავებები;
  • არაადამიანური მოპყრობის ფაქტები;
  • ძალადობაში მხილებული პირების სრული დაუსჯელობა.

როდესაც სახელმწიფო არ სჯის მოძალადეებს, ძალადობა ნორმად იქცევა. სწორედ ეს დაუსჯელობის განცდა აძლევს ძალადობრივ ჯგუფებსა და ცალკეულ პოლიციელებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მოქალაქეებზე სასტიკი ანგარიშსწორების შესაძლებლობას.

აქედან გამომდინარე, გორში მომხდარი ფაქტიც ამ უწყვეტი ძალადობრივი ჯაჭვის ნაწილია.

ვითხოვთ:

  • გორში მომხდარი ძალადობის ყველა მონაწილე პირის დაუყოვნებლივ დასჯას;
  • 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სრულ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას;
  • ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც წლების განმავლობაში ხელს აფარებდა ძალადობას და ქვეყანაში დაუსჯელობის სისტემას ამკვიდრებდა.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ დღეს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ გორში სამხარეო პოლიციის შენობასთან და გავაპროტესტოთ ივანიშვილის რეჟიმის სასტიკი მოპყრობა საქართველოს მოქალაქეებისადმი," - ნათქვამია განცხადებაში.