გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს - როგორია მისი მდგომარეობა

29.05.26 10:31
გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს - როგორია მისი მდგომარეობა

პაპუნა ლოცულაშვილი, კაცი, რომელიც პოლიციელებმა გორში ჯგუფურად სცემეს, გვიან ღამით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც რამდენიმე წუთის წინ კლინიკის ექიმმა მედიას განუცხადა, პაპუნა ლოცულაშვილი თავდაპირველად  „ვივამედის“ კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და კვლავ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ნაცემ კაცს ამ ეტაპზე კვლევები უტარდება. 

„პაციენტი იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტი მოთავსდება სტაციონარში თუ გაეწერება ბინაზე. ტვინის შერყევა ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა“,- განაცხადა მანანა ლობჟანიძე.

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, გუშინ გვიან ღამით, პაპუნა ლოცულაშვილს სახლში თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის შემდეგად გული წაუვიდა. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გადაყვანილი. 

  • გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
  • ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.