მოსამართლე ლევან დარბაიძემ ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვაზე უარი თქვა
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ ორი მოქალაქის სასტიკ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვაზე უარი თქვა.
პროცესი 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლემ საქმე აიცილა. ახლა ძალადობის ხმაურიან საქმეში სხვა მოსამართლე უნდა ჩაერთოს.
ბრალდებული პოლიციელების ნაწილი გორის სასამართლოში უკვე გადაყვანილია. როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, სასამართლოსთან შეკრებილები არიან შსს-ს თანამშრომლები, რომლებსაც ბრალდებული თანამშრომლების პროცესზე დასწრება სურთ.
- შეგახნებეთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
- მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
- ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.