ექსპერტები: ივანიშვილი „ქართუ ფონდს“ სანქციებისგან თავის არიდებისა და კაპიტალის სამართავად იყენებს

29.05.26 13:52
ექსპერტები: ივანიშვილი „ქართუ ფონდს“ სანქციებისგან თავის არიდებისა და კაპიტალის სამართავად იყენებს

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დღეს ქველმოქმედების ინსტრუმენტზე მეტად სანქცირებული ივანიშვილის კაპიტალის მართვისა და გადაადგილების მექანიზმს წარმოადგენს — ასე აფასებენ ექსპერტები ფონდის მიერ ოზურგეთში, ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისგან 1,3 მილიონ ლარად მიწის ნაკვეთის შეძენის ფაქტს. მათი თქმით, ფონდის ფინანსური საქმიანობა წლების განმავლობაში გაუმჭვირვალეა, ხოლო მისი რესურსები ხშირად გამოიყენება იმ პროექტებისთვის, რომლებიც საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებს სცდება.

კორუფციის მკვლევარი, დავით მჟავანაძე მიიჩნევს, რომ 2020 წლიდან ფონდი „ქართუ“ ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების მართვისა და განკარგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა.

2020 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ფონდ ქართულს იყენებს, ფაქტობრივად, მისი ქონების გადასამალად და მისი ქონების განსაკარგად, იმიტომ, რომ ფონდის დასანქცირება უფრო რთული პროცესია, ვიდრე კერძო პირის და ივანიშვილი ამას უკვე 5 წელზე მეტია, იყენებს პირადი ქონების განსაკარგად. მაგალითად, აბასთუმანში რომ სასტუმრო "პარაგრაფს" აშენებს, ეს ფონდი ქართუს გზით შენდება და არა პერსონალურად და არა პერსონალურად ივანიშვილის. ტუბერკულოზის ცენტრი რომ ააშენა და გაასახლა ხალხი იქიდან, ესეც ფონდ ქართუმ გააკეთა. ლაგუნა ვერეს ტერიტორია რომ შეისყიდა ივანიშვილმა, ეს ფონდ ქართუს სახელით გააკეთა და ახლა იქ 65 სართულიან ცათამბჯენის აშენებას აპირებენ და ახლაც იგივეა, მილიონ 300 ათასი ლარი, ფაქტობრივად, მისი ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიტანა და ამ ფულს სავარაუდოდ განკარგავს სხვა დანიშნულებით. ამდენი კანონი მიიღეს გამჭვირვალობის დასაცავად თითქოს და დასდევენ ყველას, აბა, 5 და 10 ლარი ვინ რაში დახარჯა და ამ დროს ფონდის მიერ დახარჯული მილიარდობით ლარი წლების განმავლობაში გაუმჭვირვალეა. წლებია არ გამოქვეყნებულა ვინ არის შემომწრიველი ამ ფონდის. რა თქმა უნდა, უპირველესად ბიძინა ივანიშვილის შავი ფული იქნება ამ ყველაფრის მთავარი წყარო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც რუსი ოლიგარქების ან სხვა სანქცირებული ფული შედიოდეს ამ ფონდში და მერე ეს რაშ იხარჯება, ამას, ყველაფერს ვხედავთ, - ამბობს დავით მჟავანაძე.

ის, რომ ფონდი „ქართუ“ დღეს უფრო კაპიტალის მოძრაობის ალტერნატიულ არხს წარმოადგენს, ვიდრე საქველმოქმედო ორგანიზაციას, ამაზე ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანიც საუბრობს. 

დღეს ეს გახდა ხელსაწყო ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომ სხვადასხვა არხით მართოს თავისი კაპიტალი, ამიტომაც ნორმალურ ქვეყანაში ამ ფონდის საქმიანობის შესწავლა გახდებოდა N1 ამოცანა ზედამხედველებისთვის და მარეგულირებლებისთვის და მოჰყვებოდა, სავარაუდოდ, ძალიან მკაცრი რეაგირება. დღეს გაუჭირდა უფრო ბევრად მეტად ბიძინა ივანიშვილს, როგორც სანქცირებულ პიროვნებას თავისი კაპიტალის მოძრაობა და შესაბამისად, ეძებს გზებს, როგორ შეიძლება, ამ კაპიტალმა უფრო ეფექტიანად იმოძრაოს. ბანკი არის ბევრად მკაცრად რეგულირებადი ერთეული და სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ბანკი არ იყოს სანქცირებული და არ მოუწიოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო წნეხიდან გამომდინარე, რომ ქართუ ბანკი გათიშოს, ამიტომაც იყენებს ის ალტერნატიულ არხებს. რაც შეეხება ტრანზაქციებს, ჩვენ ვერ გავიგებთ. სამწუხაროდ, უკვე ჩანს, რომ ეს ფონდი ყველაფერია, გარდა საქველმოქმედო ფონდისა, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.  

ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა (ქართუმ) ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისგან 1,300,000 ლარად ოზურგეთში 27,714 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ირაკლი აბესაზე ავრცელებს.