სოლიდარობა 1-ელ პატიმარს, რომელიც 9 თვე იმის გამო უნდა იყოს ციხეში, რომ დემონსტრაციაზე წავიდა - თამარ ონიანი
ბევრი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს ქვეყანას, თუმცა, ზურაბ მენთეშაშვილის საქმე სრულიად ახალი ფურცელია იმ სისტემაშიც კი, - ასე ეხმაურება საიას ხელმძღვანელი, თამარ ონიანი მენთეშაშვილის 9-თვიან პატიმრობას.
მისი თქმით, ის არის პირველი პატიმარი, რომელსაც უფლებრივი შინაარსით შეკრების თავისუფლების გამო ედავებიან იმ ფორმალური საფუძვლით, რომელიც თავად შეკრების თავისუფლების ხელყოფისთვის შეიქმნა.
ბევრი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს ქვეყანას, თუმცა, ზურაბ მენთეშაშვილის საქმე სრულიად ახალი ფურცელია იმ სისტემაშიც კი, რომელსაც აქამდეც უსამართლოდ არაერთი ადამიანი გაუსამართლებია.
ის არის პირველი პატიმარი, რომელსაც უფლებრივი შინაარსით შეკრების თავისუფლების გამო ედავებიან იმ ფორმალური საფუძვლით, რომელიც თავად შეკრების თავისუფლების ხელყოფისთვის შეიქმნა;
შეიქმნა იმ მოდელით, რასაც იურიდიული ლიტერატურა პერსონიფიცირებულ კანონმდებლობად იცნობს, როდესაც მათ მმართველი ელიტები, საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით, საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისა ან პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იღებენ.
2025 წლის 13 ოქტომბერს დაინიციირდა ეს ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციას ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირისადმი (174 პრიმა მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებისთვის). თავის მხრივ, ასკ ნორმები მიმთითებელია, და, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე ამისამართებს, რაც, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ცალკე დიდი გამოწვევაა (იხ. ვენეციის კომისიის შეფასებები ასეთი მიმთითებელი ნორმების კრიტიკაზე).
ცვლილებები დაჩქარებულად მიიღეს. სწორედ ამ მუხლის საფუძველზე გასამართლდა ზურაბ მენთეშაშვილი. თუმცა, რა შეეძლო მოსამართლეს (გამამართლებელი განაჩენის მიღმა)?
- 1. თავიდანვე არ გამოეყენებინა პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიება; და მიემართა კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის;
- რადგან პირველი სცენარი არ მომხდარა, კიდევ რაიმე შეეძლო ისეთი, რაც ბრალდებულის მდგომარეობას ამ ეტაპზე მაინც შეამსუბუქებდა?
- 2. შეეძლო სასჯელი ყოფილიყო 7 თვე, რაც აღკვეთი ღონისძიების სახით უკვე მოხდილი ჰქონდა პირს.
- ასე არ მოხდა, მას 9 თვე შეეფარდა. და ეს დამატებითი 2 თვე სხვა არაფერია, თუ არა, თავად სასამართლო სისტემის მხრიდან შეკრების თავისუფლებაზე მეტი წნეხის შექმნის თანამონაწილეობა.
სოლიდარობა ზურაბ მენთეშაშვილს! პირველ პატიმარს საქართველოში, რომელიც 9 თვე იმის გამო უნდა იყოს ციხეში, რომ დემონსტრაციაზე წავიდა და იქ სრულად არაძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა, - წერს ონიანი.
- გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურა მენთეშაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
- ზურაბ მენთეშაშვილს სასჯელის ნახევარზე მეტი მისჯამდე მოახდევინეს. ის პირველი აქტივისტია, რომელიც რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტვის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით დააკავეს. 61 წლის კაცს მაქსიმუმ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში უკვე შვიდი თვე გაატარა. ამიტომას სამოქალაქო აქტივისტი ციხეს 2 თვეში დატოვებს.