ეკა გიგაური ახალ სამმართველოზე: რა თქმა უნდა, ოპონენტების დასჯას ექნება ადგილი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური შსს-ს მიერ საჯარო სივრცის მონიტორინგის ამოქმედებას ეხმაურება და ამბობს, რომ ახალ სამმართველოს შერჩევითი მიდგომები ექნება და ოპონენტების დასასჯელად გამოიყენებენ.
ეკა გიგაური იხსენებს, რომ "ქართულმა ოცნება" "მოსკოვის მექანიზმის" წარმომადგენლებს წერილობით მიმართა და უთხრა, თითქოს გინება და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება საქართველოსთვის დამახასიათებელი იყო, ახლა კი ამ ინიციატივით გამოდიან.
მისი თქმით, სასაცილოა, რომ "ქართული ოცნება" ეთიკურობაზე საუბრობს.
იმისთვის არის შექმნილი, რომ კონკრეტულ ადამიანებს აზრის გამოხატვა აუკრძალონ. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ შევხედოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი - რეალურად, ფაქტობრივად, ისე წარმოადგინეს საზოგადოებაში ეს ახალი უწყება და ზოგადად იდეა, რომ ჩვენ, ვინც დემოკრატიისთვის ვიბრძვით, ვინც ვიბრძვით ევროპული სტანდარტებისთვის, ევროპული ტიპის მმართველობისთვის, ჩვენ ეს გავაკრიტიკოთ და ამით დაუმტკიცონ საკუთარ მომხრეებს, რომ თითქოს ჩვენ გვინდა გინება იყოს ნორმალური რამ და ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ. სინამდვილეში, რომ შევხედოთ ფაქტობრივად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის პარლამენტში, რამდენად არაეთიკურად არა მხოლოდ იქცევიან, არამედ ლაპარაკობენ ეს ადამიანები. აქ ხომ არც ევროპულ სტანდარტზე არ არის საუბარი, აქ არის შეურაცხყოფა, გარდა იმისა, რომ რაღაცებს გაბრალებენ, შეურაცხყოფასაც გაყენებენ და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ.
მე მინდა გავიხსენო რა მისწერა "ქართულმა ოცნებამ" მოსკოვის მექანიზმის ავტორებს, ვინც მუშაობდნენ იმ მკვლევარებს, მათ მისწერეს, რომ თურმე ერთმანეთის შეურაცხყოფა და გინება არის ქართული პოლიტიკური სტანდარტი, ანუ ეს არის ნორმალური და წარმოიდგინეთ, ოფიციალურად საერთაშორისო ორგანიზაციას და საერთაშორისო ექსპერტებს რომ წერენ, რომ თითქოს ნორმალური, ქართული და საქართველოსთვის დამახასიათებელია, ვინ თქვა რომ დამახასიათებელია, დღეს ისინი ინიციტივით გამოდიან და უნდათ წარმოადგინონ, რომ მეორე მხარეს უნდა გინებას და ერთმანეთის შეურაცხყოფას ჰქონდეს ადგილი.
რა თქმა უნდა აქ იქნება შერჩევითი მიდგომები, რა თქმა უნდა, თავისი ოპონენტების დასჯას ექნება ადგილი, თუმცა შევხედოთ როგორ განვიტარდება მოვლენები. საერთოდ სასაცილოა ისინი რომ ეთიკურობაზე და მსგავს საკითხებზე ლაპარაკობენ," - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას დღეიდან შეუდგა.