2025 წელს კორუფციულ დანაშაულებში მხილებული პირებიდან, 13 ბრალდებული მაღალი თანამდებობის პირი იყო - გიორგი გვარაკიძე
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, კორუფციულ დანაშაულებში მხილებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაიზარდა - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გვარაკიძის თქმით, დევნა დაიწყო 125 პირის მიმართ, რაც 42 ბრალდებულით აღემატება წინა წლის შედეგს.
გენერალური პროკურორის ინფორმაციით, 125 პირიდან 82 პირი, კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში - აქედან 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობის პირი იყო.
- შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დევნა დაწყებული იყო საჯარო სექტორში დასაქმებული 61 პირის მიმართ, მათ შორის, მხოლოდ 2 იყო მაღალი თანამდებობის პირი.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წელს საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 230 სისხლის სამართლის საქმეზე, რაც წინა 3 წელთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2025 წელს ყველაზე ხშირად, 72-ჯერ გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 66 შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, 59 შემთხვევაში მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, 26 შემთხვევაში სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, 18 ქრთამის აღების და 8 - ქრთამის მიცემის შემთხვევებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 7 და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ფაქტზე.
2025 წელს დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 43 ბრალდებულით პირველ ადგილზეა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი მითვისება-გაფლანგვა, მას მოჰყვება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 23 პირით, სამსახურებრივი სიყალბე - 22 ბრალდებულით, ქრთამის აღება - 18 პირით, სამსახურებრივი გულგრილობა - 16 პირით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - 7 ბრალდებულით, ქრთამის მიცემა - 6 პირით და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა - 4 ბრალდებულით. ხაზგასასმელია, რომ 2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელს მითვისება-გაფლანგვის ჩადენის გამო დამნაშავედ იქნა ცნობილი 44 პირი, სამსახურებრივი სიყალბისთვის გასამართლდა 16 პირი, ქრთამის აღებისთვის – 10 პირი, ხოლო ქრთამის მიცემისთვის – 6 პირი.
„რაც შეეხება კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულს, გამოძიება დაიწყო 77 სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე 47 საქმეზე, კომერციული მოსყიდვის - 17 საქმეზე და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 13 საქმეზე. კერძო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 115 პირის მიმართ, მათ შორის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე 81 პირის მიმართ, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 22 პირის მიმართ და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 12 პირის მიმართ. ვინაიდან კორუფციულ დანაშაულები ხშირად ხასიათდება მატერიალური ზარალით 2025 წელს, მართლმსაჯულების ინტერესების უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ 294 ერთეულ უძრავ ქონებას, 34 ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და 64 კომპანიის წილს. 2025 წელს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 82 პირის მიმართ და ჩამოართვა 825 492 ლარის ღირებულების 15 უძრავი ქონება და 261 000 ლარის ღირებულების 4 სატრანსპორტო საშუალება“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.