ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი არ აპირებს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმართოს
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი არ აპირებს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმართოს - ამის შესახებ აკადემიკოსმა სასამართლოს დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
როგორც ჩახუნაშვილი ამბობს, 4 ოქტომბერს აქციაზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულდებდა.
8 თვეა მე ახალი არაფერი მითქვამს, მე იქ ვიყავი, სულ ვარ შიგნით სამი წუთი, ჩემი საქმე პროფესიული გავაკეთე და გამოვედი - ამბობს ექიმი.
ჩვენ ჩვენსას ვიტყვით, ყველამ თავის საქმე იცის, ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე. საპროცესო აქამდეც იყო ნათქვამი, მაგრამ მე სიტყვას და წინადადებაც არ დამცდენია საპროცესოზე - დაველოდეოთ მოსამართლეს. კადრებში ჩანს, რომ ვიყავი, მე მაგას არც თავიდან უარვყოფდი, იგივეს ვიტყვი სასამართლოზე. 8 თვეა მე ახალი არაფერი მითქვამს, მე იქ ვიყავი, სულ ვარ შიგნით სამი წუთი, ჩემი საქმე პროფესიული გავაკეთე და გამოვედი. აი ეს არის სულ, დანარჩენი, უკვე მოსამართლეზე და საპროცესო ჩემგან არ იქნება", - აცხადებს გიორგი ჩახუნაშვილი.
დღეს ცნობილი გახდება, სულ რამდენი ბრალდებული მიმართავს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
რაც უკვე ვიცით, საპროცესო შეთანხმება უფორმდება ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, თემურ ქუციკიძესა და ავთანდილ სუმნაიძეს. დღეს კი დამატებით გახდება ცნობილი, რამდენი ბრალდებული დაემატება ამ 7 პირს.
შეთანხმების პირობების მიხედვით, ბრალდებულები გათავისუფლდებიან, თუმცა მომდევნო სამი წლის განმავლობაში პრობაციის პირობებში იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ დარჩებიან და პერიოდულად, მათ შორის კვირაში ერთხელ, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გამოცხადება მოუწევთ.