თევზების შემდეგ ბაყაყები - ოპოზიციამ ოზურგეთის მერს ახალი პერფორმანსი მოუწყო

05.06.26 11:43
თევზების შემდეგ ბაყაყები - ოპოზიციამ ოზურგეთის მერს ახალი პერფორმანსი მოუწყო

თევზების შემდეგ ბაყაყები - ოპოზიციამ ოზურგეთის მერს ახალი პერფორმანსი მოუწყო.

“ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა გადაწყვიტეს ქალაქის მერისთვის, ავარიული გზებისა და უწყლოობით გამოწვეული პრობლემების შესახებ ბაყაყების დახმარებით მიეწვდინათ ხმა.

მათ ბაყაყებთან ერთად მერიის შენობაში ის წერილებიც მიიტანეს, რომელსაც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ.

ოზურგეთის მერი ოპოზიციის წარმომადგენლებთან კვლავ არ გამოჩენილა.

მდინარაძის დანიშნული მერი, რომელიც ხალხის პრობლემებს აცდენილია, ტვ პირველისგან იგებს, რა პრობლემებია და თევზების გაშვების შემდეგ, მიდის და ორმოებს ავსებს. ჩვენ გადავწყვიტეთ მისთვის ახლა ბაყაყები მიგვეყვანა, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წვიმდა და ეს ბაყაყები ამ დანგრულ გზებში იყვნენ, გუბეებში, ახლა მზე გამოვიდა, ეს გუბეები დაშრა და იქნებ ბატონი პაატა ბაყაყების ხმამ მაინც შეაწუხოს, რადგან ხალხის ხმა არ აწუხებს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნახევარ ქალაქში წყალი არ არის, თვითონ ქალაქშიც წყალი არის გრაფიკით, მაგრამ როდის მიდის და მოდის, არავინ იცის. წერილებიც ჩავაყოლეთ, ხალხი რომ წერს სოციალურ ქსელში და იქნებ გაეცნოს და ამ წერილებით და ბაყაყების ყიყინით შევაღვიძოთ ოზურგეთის მერი, - ამბობს თათია ნიკოლაიშვილი. 

ცნობისთვის, “ტვ პირველის“ ეთერში გასულიი რეპორტაჟის  შემდეგ, ყველა იმ ადგილზე, რომელიც კადრში მოხვდა, ღამით ორმოები ამოავსეს.