საპროცესო შეთანხმება შესაძლებლობაა, თავი დააღწიონ უსამართლო პატიმრობას - 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულების რამაზ ჯორბენაძის, გენადი კელეხაშვილის და დავით ღურწკაიას ადვოკატი მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმება შესაძლებლობაა ისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის თავი დააღწიონ უსამართლო პატიმრობას.
როგორც მარიამ ძირკვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და აქედან გამომდინარე, ბრალდებულებმა არჩიეს გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება.
რამაზ ჯორბენაძემ, გენადი კელეხაშვილმა და დავით ღურწკაიამ აღიარეს ბრალი და მზად არიან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გავაფორმოთ, ეს არის შესაძლებლობა, რომ მათი თავი დააღწიონ უსამართლო პატიმრობას. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, ასევე სხვა პირებთან მიმართებაში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც იქნებოდნენ ეს პირები სასამართლოს მიერ მიჩნეული დამნაშავედ, თუმცაღა, მაინც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ისინი იყვნენ თავისუფლები.
საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და აქედან გამომდინარე, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა არჩიეს, რომ გაგვეფორმებინა საპროცესო შეთანხმება. ჩემი აზრი ის არის, რომ პროკურატურამ მიიჩნია მიზანშეწონილად, რომ ეს პირები გათავისუფლებულიყვნენ, რადგან ჩვენ არ დავთანხმდით ძველ პირობებს და არ იყო ჩვენთვის მისაღები პატიმრობა 1 წლით, - განაცხადა ადვოკატმა მარიამ ძირკვაძემ.
ადვოკატის თქმით, ეს შესაძლოა, პროკურატურის მხრიდან უკან დახევადაც ჩაითვალოს, რადგან მათ შეამსუბუქეს პირობები.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 15 პირიან ეპიზოდზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. ესენი არიან:
- ევა შანშიაშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი, დათო ღუწკაია.
- ბრალდებულებს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო.
- შეთანხმების პირობების მიხედვით, ბრალდებულები გათავისუფლდებიან, თუმცა მომდევნო სამი წლის განმავლობაში პრობაციის პირობებში იქნებიან.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას და რამაზ ჯორბენაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.