სკოლებში მობილურების გამოყენების წესში ცვლილებები შედის - ბრძანება

05.06.26 17:39
სკოლებში მობილურების გამოყენების წესში ცვლილებები შედის - ბრძანება

სკოლებში მობილურების გამოყენების წესში ცვლილებები შედის - განათლების მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს ამტკიცებს.

ამ წესის მიხედვით, სკოლებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე მობილური ტელეფონების და ჭკვიანი საათების შესანახი, სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსების შესყიდვა-მონტაჟი უნდა უზრუნველყონ.  სპეციალური სათავსოები თითეულ საკლასო ოთახში უნდა განლაგდეს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. 

ბრძანების მიხედვით, იკრძალება სასწავლო პროცესის განმავლობაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება. კერძოდ, მოსწავლე ვალდებულია პირველი გაკვეთილის დაწყებამდე მობილური ტელეფონი და ჭკვიანი საათი განათავსოს შესაბამის სპეციალურ სათავსში, თუმცა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება დასაშვებია:

  • ა) უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით, სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის;
  • ბ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სკოლისათვის წინასწარ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული, ჯანმრთელობის მონიტორინგის ან/და სხვა სამედიცინო მიზნებისთვის;
  • გ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელ შემთხვევებში;
  • დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (არსებობის შემთხვევაში) ან კლასის დამრიგებლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე;
  • ე) მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, თუ აღნიშნული აუცილებელია მისი სწავლებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც დასტურდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით/დასკვნით;
  • ვ) სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

BMG-ის ცნობით, მოსწავლის მიერ ამ წესის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას სკოლის შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

თუ მოსწავლის მშობელს სასწავლო პროცესის დროს შვილთან დასჭირდება დაკავშირება, ბრძანების თანახმად, სკოლა ვალდებულია განსაზღვრული ჰქონდეს მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის ოფიციალური არხები, მათ შორის: სკოლის დირექციის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, კლასის დამრიგებლის ან სკოლის ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სასკოლო საინფორმაციო სისტემები/სოციალური ქსელები და სხვა. მთავრობამ სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვა გასული წლის მიწურულს დააანონსა. 

მსგავსი სიახლეები