მკვლელი თუ მსხვერპლი? - რა მოხდა რუსთავში და რას ითხოვს მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის ბიჭის ოჯახი
რუსთავში, გარეჯის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბინა, სადაც დანაშაული მოხდა, დალუქულია, ხოლო 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გამთენიისას გადაასვენეს. ადგილობრივების თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კორპუსში სამართალდამცველები გამოჩნდნენ და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.
გარეჯის ქუჩა რუსთავში ღამის საათებში სამართალდამცველების ალყაში მოექცა. პოლიცია ადგილზე ეჭვმიტანილი არასრულწლოვნის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მივიდა. სამართალდამცველები ოთხსართულიან კორპუსში იმ ბინას ეძებდნენ, სადაც, გამოძიების ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი სამზარეულოს დანით იყო მოკლული.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ბაქოდან ჩამოსული ხელოსანი იყო. გამოძიების ვერსიით, მას სასიკვდილო ჭრილობები 15 წლის მოზარდმა მიაყენა ნაქირავებ ბინაში.
ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დროს მამაკაცთან სტუმრად იმყოფებოდა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეს დამხმარე მუშად ამუშავებდა და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავახშმოდ მიიპატიჟა.
არასრულწლოვნის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მამაკაცმა მოზარდს ბინის კარი ჩაუკეტა და მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. აღნიშნულ გარემოებებზე გამოძიება მუშაობს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.