სასახლის ღობის საქმე — რატომ წავიდნენ აქტივისტები საპროცესო შეთანხმებაზე

05.06.26 20:27
სასახლის ღობის საქმე — რატომ წავიდნენ აქტივისტები საპროცესო შეთანხმებაზე

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. შეთანხმების პირობების მიხედვით, მათ 3-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ. ამ ეტაპზე მთავარ საგამოძიებო უწყებას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით სულ 15 ბრალდებულმა მიმართა, თუმცა მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რადგან საქმე ოთხ ეპიზოდად არის დაყოფილი.

პროკურატურის მიერ შეთანხმების პირობების დაზუსტების შემდეგ, ამ დრომდე მხოლოდ ორი სასამართლო სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მოისმინა როგორც საპროცესო შეთანხმების მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა პოზიციები. რვა ბრალდებული შეთანხმებას დათანხმდა, შვიდმა კი უარი განაცხადა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროს დატოვებენ გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, დავით ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, ევა შაშიაშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე.

ადვოკატების შეფასებით, საპროცესო შეთანხმება ბრალდებულებისთვის უკანონო მსჯავრის თავიდან არიდების შესაძლებლობას წარმოადგენს. მათი თქმით, დაკავებულებმა ეს გადაწყვეტილება იმ პირობებში მიიღეს, როდესაც სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი აღარ ჰქონდათ.

დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბრალდებულთა ნაწილმა, ადვოკატების შეფასებით, არარსებული ბრალდებები აღიარა. მათ შორის არის დავით ღურწკაია, რომლის წინააღმდეგ საქმეში, დაცვის მხარის თქმით, მხოლოდ ვიდეომასალა ფიგურირებს. კადრებში ჩანს, რომ ღურწკაია სამართალდამცველების მიმართულებით ყვავილს ისვრის.

ადვოკატები აცხადებენ, რომ არც სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ არსებობდა ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა, მათი თქმით, სამართლიანი სასამართლოს იმედის არქონის გამო, ბრალდებულებმა პროკურატურასთან შეთანხმებას დათანხმდნენ.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები